"[კანონის] მიღება მომსახურების მიღმა დატოვებს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება!" | საქართველოს კარიტასი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"[კანონის] მიღება მომსახურების მიღმა დატოვებს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება!" - ამის შესახებ საქართველოს კარიტასი განცხადებას ავრცელებს და "ქართული ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს ეხმიანება. 

"საქართველოს კარიტასი არასდროს ყოფილა „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაცია!

საქართველოს კარიტასი, კათოლიკური ეკლესიის დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი, 30 წელია ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ინიცირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონად მიღება, მომსახურების მიღმა დატოვებს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება!

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი 30 წლის განმავლობაში, მეტწილად ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული დაფინანსებით, ზრუნავს მშობლების მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებზე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ და უსახლკარო ადამიანებზე, მარტოხელა მოხუცებზე, შშმ პირებზე, შინმოვლის მწოლიარე ადამიანებზე, ძალადობის მსხვერპლ და მარტოხელა დედებზე, ნებაყოფლობით დაბრუნებულ მიგრანტებზე...

ჩვენი პროექტების/მომსახურებების საშუალებით ბენეფიციარებს ვუზრუნველვყობთ უსაფრთხო თავშესაფრით, სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებებით (კვება, ჯანმრთელობა, საყოფაცხოვრებო საჭიროებები), განათლების და დასაქმების ხელშეწყობით. გარდა მოწყვლადი ინდივიდების უშუალო დახმარებისა, წლების განმავლობაში ვზრუნავთ სოფლის თემების განვითარებასა და გაძლიერებაზე.

მყისიერად ვრეაგირებთ ბუნებრივი და ადამიანური კონფლიქტებით გამოწვეულ კატასტროფებზე.

30 წლიანი საქმიანობის განმავლობაში საქართველოს კარიტასმა ათობით ათას ბენეფიციარს გაუწია დახმარება.

საქართველოს კარიტასის ყოველწლიური ანგარიშები, მათ შორის ინფორმაცია ჩვენი დონორი ორგანიზაციების და მათ მიერ გაღებული შემოწირულობებისა თუ გრანტების რაოდენობის შესახებ, იტვირთება ჩვენს ვებ-გვერდზე და ზიარდება სოციალურ მედიაში.

ამავე პლატფორმებზე ხელმისაწვდომია ყოველწლიური აუდიტის ანგარიშები.

ორგანიზაციის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია ქვეყანაში არსებული სავალდებულო რეგულაციებით. ასევე, საქართველოს კარიტასის პარტნიორი ორგანიზაციების ინტერესია ფინანსური და ოპერაციული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სანდოობის მაღალი სტანდარტები, რაც გამორიცხავს დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მხრიდან სარისკო ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას.

• არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სარეგისტრაციო მონაცემების ხელმისაწვდომობა

მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. რეესტრში აისახება ისეთი მონაცემები როგორებიცაა: სახელწოდება და საქმიანობის მიზანი; იურიდიული მისამართი; დამფუძნებლების/პარტნიორების საიდენტიფიკაციო მონაცემები; ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა საიდენტიფიკაციო მონაცემები.

• საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება

საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციების შესახებ მოქმედებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სსიპ - შემოსავლების სამსახური. რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ერთიან რეესტრში შეიტანება ინფორმაცია ორგანიზაციის ძირითადი მიზნების, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესახებ და ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე სუბიექტები, ვალდებულნი არიან ყოველ წელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანგარიშები. კერძოდ: ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას; ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით; გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში). პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისთვის.

• არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები ვალდებული არიან მოამზადონ კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური ანგარიშგებები. ფინანსურ ანგარიშგებაში აღწერილია საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი ყველა სამეურნეო ოპერაციისა და მოვლენის ფინანსური შედეგი, რომლებიც დაჯგუფებულია მათი ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით - ფინანსური ანგარიშგების ელემენტების მიხედვით. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგება შეიცავს ინფორმაციას ორგანიზაცის შემოსავლებისა (გრანტები, საწევრო შენატანები, შემოწირულობები და სხვა) და ხარჯების (ტრანსპორტის ხარჯი, პერსონალის ხელფასი, შეხვედრების და პრეზენტაციები და სხვა) შესახებ, შემოსავლებისა და ხარჯების სახეებისა და ტიპების მიხედვით.

• არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საგადასახადო ანგარიშგება

გადასახადების ადმინისტრირების მიზნებისთვის, ორგანიზაციები საგადასახადო ორგანოებს პერიოდულად წარუდგენენ ინფორმაციას მიღებული შემოსავლების და განხორციელებული გადახდების შესახებ. გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას და დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ ჩაატარონ საგადასახადო კონტროლის პროცედურები, რომლის ფარგლებშიც ამ მიზნობრიობით მათთვის ხელმისაწვდომია ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია. საგადასახადო ანგარიშგების არსებული სისტემა მათ შორის მოიცავს შემდეგს:

• ინფორმაცია დასაქმებულების/დაქირავებულების შესახებ - საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების მიზნებისთვის, ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს ყოველთვიურად წარუდგენენ დეკლარაციას/ინფორმაციას მათ მიერ დაქირავებულებზე, დასაქმებულებსა და სხვა ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების შესახებ. დეკლარაცია მოიცავს თითოეული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მოქალაქეობრივ მდგომარეობას, ინფორმაციას თითოეულ პირზე გაცემული თანხების ოდენობის, გაცემული თანხის სახისა და დაკავებული გადასახადის ოდენობების შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციები ვალდებული არიან ყველა დაქირავებული პირის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, სამუშაო განაკვეთი, სამუშაო სტატუსი და სხვა) ასახონ დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელიც არის საგადასახადო ორგანოს მართვაში.

• ინფორმაცია საგრანტო პროექტების შესახებ - არსებობს საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ერთიან რეესტრი, რომელშიც აღრიცხული ყველა ის საერთაშორისო ხელშეკრულება რომლის საფუძველზე განხორციელებული პროექტების ფარგლებში ხდება საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა. რეესტრი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მოცემულია ინფორმაცია პროექტის, მისი განმახორციელებელი სუბიექტის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის შესახებ. გარდა ამისა, ორგანიზაციები დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნებისთვის, საგადასახადო ორგანოს წარუდგენენ დონორთან დადებული შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებებს და პროექტის ბიუჯეტებს.

• ინფორმაცია ორგანიზაციის ქონების შესახებ - ქონების და მოგების გადასახადების ადმინისტრირების მიზნებისთვის, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ორგანიზაციები შემოსავლების სამსახურს პერიოდულად წარუდგენენ დეკლარაციებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვმოქმედებთ დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად, ვხელმძღვანელობთ დონორის მიერ დადგენილი რეგულაციებით. ეს რეგულაციები ითვალისწინებს ფინანსური და ოპერაციული გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და სანდოობის მაღალი სტანდარტებს, რაც თავისთავად გამორიცხავს დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მხრიდან უკანონო და სარისკო ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარებების და დაფინანსებული პროექტების შესახებ (პროექტის აღწერა, დონორი, განმახორციელებელი სუბიექტი, მიმღები, წლიური ხარჯები და სხვა) ინფორმაცია მოცემულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მართულ ვებგვერდზე, საგარეო დახმარებების ინფორმაციული მართვის სისტემაში," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი