"ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს" | BAG

გამოქვეყნდა:

"ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს", - წერია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) რუსულ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ასოციაცია აცხადებს, რომ როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, არ და ვერ შევა რუსული კანონის შინაარსობრივ განხილვაში.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ამ პრინციპებით ვსარგებლობთ ჩვენ საკუთარი საქმიანობის წარმართვისას.

ჩვენ არასოდეს ვცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ჩვენს ქმედებებში ყოველთვის ვიფარგლებით იმ თემატიკით, რომელიც ეხება და არ სცდება ბიზნესსა და ეკონომიკას. ასე იყო დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

ამასთან, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მოგვმართავენ ჩვენი წევრი კომპანიის წარმომადგენლები უმთავრესი წუხილით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შედეგად განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს – სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს, რაც, ცხადია, ნეგატიურად იქნება ასახული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე.

აღსანიშნავია, რომ განჭვრეტადი და სტაბილური ბიზნეს გარემო ის საერთო მიღწევაა, რამაც განაპირობა ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრების მდგრადობის უზრუნველყოფა. ცალკე გამოსაყოფია ის ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც ბიზნესს აქვს ხელისუფლებასთან, რაც გამოიხატება ადგილობრივი საქმიანი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით შემუშავებულ არაერთ ისეთ ინიციატივაში, რომელიც ბიზნეს წრეებში წარმოიშვა და კანონისა და თუ სხვა ნორმატიული აქტის ფორმით ამოქმედდა.

ამავე დროს, არ გვახსენდება მთავრობის არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბიზნესის საქმიანობაზე გავლენას მოახდენდა და ოფიციალურ განხილვებამდე ჩვენთვის არ იყო წარდგენილი. ტრადიციულად, თითქმის ყოველი ასეთი ინიციატივის დროს ჩვენი მოსაზრებები იყო გაზიარებული, რაც გვაძლევს იმის განცხადების საშუალებას, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ბიზნესი თავს გრძნობს თავისუფლად და არის აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან.

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის ერთი დიდი ოჯახია, საერთო ღირებულებებით. თუმცაღა, ბუნებრივია, ბიზნესის მიღმა არსებულ ამა თუ იმ პოლიტიკური ხასიათის საკითხზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები.

მიუხედავად, ამისა ყველანი ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია. ამ მიზნებისკენ სვლა კი უნდა მოვახდინოთ ისე, რომ არ შევარყიოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, უზრუნველვყოთ სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და, რაც მთავარია, არ გადავუხვიოთ ქვეყნის განვითარების ევროპულ კურსს, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული", - წერია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | ვითარება პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი