გუშინდელ აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება | ომბუდსმენის განცხადება

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები მთელი ღამის მანძილზე ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარებას სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში გაიმართა. მასშტაბური აქციის მონაწილეები ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც გვიან ღამით სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. იმის მიუხედავად რომ აქცია სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, პარლამენტთან გამოჩნდა სპეცრაზმი. სახელმწიფომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი. მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანებიც. პოლიცია "ოცნების" მიერ საგანგებოდ მოწყობილ სცენას ევროპული მარშის მონაწილეებისგან იცავდა და აქციის წევრებს არ აძლევდა საშუალებას, რომ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ასულიყვნენ.

აქციაზე "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი