ოზურგეთში, სოფელ მერიაში დროებით თავშესაფარში მცხოვრები 90 ოჯახი მეოთხე წელია საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვს. სტიქიური უბედურებების გამო, ღია ცის ქვეშ დარჩენილები 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ შენობაში შეასახლა და საცხოვრებლების დაკანონებასაც დაპირდა, თუმცა არცევნებმა ჩაიარა და დაპირება დაპირებად დარჩა. ახლა კი იმის გამო, რომ საცხოვრებელი მათ საკუთრებაში არ არის, ყოველდღიურად გამოსახლების შიშით ცხოვრობენ.
იმის გარდა, რომ ამ ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ, ყოველდღიურად მძიმე პირობებთან გამკლავება უწევთ. დაზიანებული კანალიზაციის სისტემა, გამოუსადეგარი სასმელი წყალი, ავარიული კედლები და დაზიანებული ჭერი, რომელიც უამინდობის დროს მათ კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. ეს ის პირობებია, რომელშიც ათეულობით ოჯახი წლებია ცხოვრობს.
გადაეცემათ თუ არა მათ საკუთრებაში ბინები და მოგვარდება თუ არა მათი პრობლემები, ამ ადამიანებმა არ იციან. ახლა ჯერი ადგილობრივ ხელისუფლებაზეა, იქამდე კი ყველასგან დავიწყებული ოჯახები ყოველდღიურად ერთადერთი თავშესაფრის დაკარგვის შიშით ცხოვრობენ.