ტროტუარზე მიმათრევდნენ, მცემდნენ, წიხლებს მირტყამდნენ... არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას" | აქციაზე დაკავებული ტედ ჯონასი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი, რომელიც წუხელ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ის წერს, რომ ახლა სახლში, უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა დაკავების დროს სამართალდამცავებმა სცემეს. იურისტი ამბობს, რომ დაახლოებით 12:30 საათზე რობოკოპებმა გაიტაცეს.

"როცა რობოკოპებმა უკან დაიხიეს და ხელახლა განლაგდნენ, მე გამიტაცეს. ტროტუარზე, დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს, მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ისინი მაინც აგრძელებენ ცემას და წიხლების ჩარტყმას, როცა მიწაზე ვიწექი და თავის დაცვას ვცდილობდი. 20-30-ჯერ დამარტყეს. ცხვირიდან სისხლი მდიოდა, მუშტებისგან და წიხლებისგან დალურჯებები მაქვს თავზე, ყბაზე, მარჯვენა თვალის ბუდე და გარკვეულწილად მარცხნივაც. სისხლჩაქცევები მაქვს ზურგზე, იდაყვებსა და მუხლებზეც... დაახლოებით 2 საათი გავატარე პოლიციის შავ ფურგონში. მე და ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით, რომლებიც ჩემთან ერთად დააკავეს. თუმცა, ყოველ 5 წუთში კარი იხსნებოდა და რობოკოპები ძალადობრივად ტენიდნენ მანქანაში სხვა დაკავებულებს და აგინებდნენ. სანამ იქ ვიყავი, პოლიციელები პერიოდულად სცემდნენ 2 კონკრეტულ პირს, ერთ მომენტში დაახლოებით 4 სამართალდამცავი შეიკრიბა ამ ორი ბიჭის საცემად. ფურგონში ყოფნისას ფარულად ვისარგებლე ჩემი ტელეფონით (პოლიციელებს ვუთხარი, რომ დავკარგე) და დავუკავშირდი მეგობრებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ნინოს (ჩემს მეუღლეს) და ეკა გიგაურს", - წერს ამერიკელი იურისტი.

მისივე თქმით, რაღაც მომენტში სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ამერიკის მოქალაქე იყო და პოლიციამ დიღმის მასივის განყოფილებაში გადაიყვანა გადაკეტილი ქუჩების გავლით. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მეგობრულად ექცეოდნენ და "კაი კაციც" უწოდეს. 

იურისტი ვარაუდობს, რომ აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის მთავრობის ჩარევით გაათავისუფლეს - "სავარაუდოდ, ცემისგან ტვინის შერყევა მაქვს" - წერს ის.

"მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: ბრძოლა ყოველთვის ღირს. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და 30 წელი ჩავდე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობაში ამ ლამაზ, ისტორიულ ქვეყანაში (რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მთებისა და ხეობების, ზღვის სანაპიროების და უდაბნოების სიყვარულის შესახებ)" - წერს ის. 

ცნობისთვის, გუშინ, 30 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მათმა დანაყოფებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაარბია. ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებდნენ. დააკავეს 63 ადამიანი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი