არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს | დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 7 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში. "თავისუფალი საზოგადოება" წერს, რომ პარლამენტთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება თელავშიც - მოქალაქეები შეკრებას 19:00 საათზე ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ. 

საპროტესტო მსვლელობა იქნება ქუთაისში:

"18:00 სთ.-ზე გელოდებით ცენტრალურ მოედანზე. ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან.

ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ბოლო გაჩერება - რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია).

ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს. გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონი," ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა," ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა." 

კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამის მიუხედავად, "ოცნებამ" 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. გასულ ღამეს კი რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა (წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი...). დააკავეს აქციის 63 მონაწილე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური იყო, გამოყენებული ძალა გაუტოლდა წამებასა და არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას. 

1 მაისს "ოცნებამ" რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. აქცია სპეცრაზმმა ისევ დაშალა, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, იყო ფიზიკური ძალადობა და დაკავებები. აქციის მონაწილეები დააკავეს 2 მაისსაც, როცა დემონსტრანტებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებული ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არავინაა, თუმცა მედიაში გაჟღერდა იმ პირების მონაცემები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

დარჩენილია მესამე, საბოლოო მოსმენა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი