რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თქმით, უცნობი ნომრიდან ურეკავენ და ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან უკრაინული ტელეფონის ნომრებიდან უცნობი პირი რეკავს, ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.

ერთ-ერთი ვისაც დაემუქრნენ ონლაინმედია "აპრილის" ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაურია. ის წერს, რომ პიროვნებამ, რომელმაც დაურეკა დაუსახელა საცხოვრებელი მისამართიც:

"უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რო ისე ჩამ**ზდავენ, ვერც გავიგებ. როგორც ჩანს, სხვებსაც ურეკავენ. საქართველო ლამაზო", - წერს ის სოციალურ ქსელში.

"სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" წერს, რომ დარეკეს რამდენიმე აქტივისტთან:

"დღეს რამდენიმე აქტივისთან, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან, განხორციელდა ზარი აღნიშნული ნომრიდან. უცნობი მამაკაცი რეკავს პროცესში ჩართულ აქტივისტებთან და შეურაცხყოფას აყენებს რუსული კანონის კრიტიკის გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ და არ აჰყვეთ პროვოკაციას", - წერს ორგანიზაცია.

ყოფილი ტელეწამყვანი, ნიკა ქავთარაძე წერს, რომ უცნობი ნომრიდან დაურეკეს და დააშინეს მისი შვილი:

"სუს-ის შსს-ს კონტრდაზვერვის და ქართული ოცნების ტოპ-3 ტიპებს რომ არ გიცნობდეთ, რომ არ მიცნობდეთ, სუფრებზე რომ არ გვქობდეს უამრავი საათი გატარებული წლების წინ, კიდე ხო.

აი, ამ ნომრიდან სვებთან ერთად ჩემ შვილს დაურეკეს და დააშინეს. უბრალოდ, გრცხვენოდეთ.!

ტელეფონზეც არ გირეკავთ და სმს-საც არ გწერთ, უბრალოდ საჯაროდ მოგმართავთ - მიმიფურთხებია ყველა წუთის და წამისთვის, რაც გვაკავშირებს, თუ ეს იცით და თუ ეს იკადრეთ!", - წერს ქავთარაძე.

"ლელოს" წევრი, საბა ბუაძე წერს, რომ "შეშინებული ქოცის კიდევ უფრო შეშინებული შეგირდი" ვინაობას არ ამხელს. მისი თქმით, შექმნილი სიტუაცია ხელისუფლების აგონიაზე მიანიშნებს:

"ბოლო ჟამის სახელმძღვანელოს მორიგი თავი: უცხო ნომრიდან რეკავს ვიღაც შეშინებული ქოცის კიდევ უფრო შეშინებული შეგირდი და სახელს რომ ეკითხები იწყებს გინებას. უკვე რამდენიმეს დაგვირეკეს.

თან გეკითხება - რუსული კანონი წაკითხული გაქვსო?!  ძალიან მალე დასრულდება თქვენი აგონია".

პარტია "ახალის" წევრი, თენგო თევზაძე ამბობს, რომ უკრაინული ნომრიდან მასაც ურეკავდნენ. მომხდარს გამოეხმაურა "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც:

"რაღაც უკრაინული ნომრიდან ორგანიზებულად არეკინებენ ქოცები ყველასთან, პოლიტიკოსთან, აქტივისტთან, სტუდენტთან..

და იგინებიან. ქართული ოცნება  - თქვე უფანტაზიო &₾ეებო", - წერს ის.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი