პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები | HRW

გამოქვეყნდა:

Human Rights Watch ოცნების "რუსულ კანონთან" დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს და წერს, საქართველოს პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე, რადგან ის არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით:

"პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი მის ბოლო მოსმენაზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება...კანონპროექტი არ შეესაბამება საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით. საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს კანონპროექტი დიდად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში" - წერს ორგანიზაცია 

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, რუსული კანონი თელავს ფუნდამენტურ უფლებებს და საქართველოს ხელისუფლებამ ის უნდა გაიწვიოს. გარდა ამისა,სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევები და დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.

"საქართველოს პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალურად იცავენ კანონპროექტს იმ მხრივ, რომ ის უზრუნველყოფს გამჭვირვალეობას, მაგრამ ისინი არ ფარავენ ამ კანონპროექტით განზრახულ მიზანს. დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიის უცხოური ინტერესების მსახურებად გამოცხადებით, ისინი მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე - კრიტიკული ხმების მარგინალიზაციასა და ჩახშობას" - ამბობს უილიამსონი.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონპროექტი არის რუსეთის "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონის მსგავსი და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებას რუსეთის კანონზე, რომლის თანახმადაც, დაირღვა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ, რომ დაუსაბუთებელი იყო სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის და რომ ეს შეზღუდვები არის მათი ლეგიტიმური საქმიანობის შეზღუდვა.

გარდა ამისა აცხადებს, რომ "გაერთიანების თავისუფლების უფლების განუყოფელი ნაწილია ეროვნული, საერთაშორისო და უცხოური წყაროებიდან რესურსების მოძიება, მიღება და გამოყენება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი