რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ცუდ კონტექსტში არაერთხელ თავი შეგვახსენეს და გამოიჩინეს პოლიციელების იმ ნაწილმა, ვინც ოცნების პოლიტიკური დავალებების უსიტყვო შემსრულებელია. მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე.
კუპატაძეს ივანიშვილის ოჯახთან ნათელ-მირონობა აკავშირებს.
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ის ფლობს ძვირადღირებულ საცხოვრებელ სახლს მცხეთაში. თეატრონის მიმდებარედ რივერსაიდში თემურ კუპატაძე რამდენიმე წელია ცხოვრობს. პოლიციელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ უსახლკარო იყო და ბინა მეგობარმა დაუთმო. პოლიციის მაღალჩინოსანმა ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ უბანში 560 კვ|მზე აშენებული ძვირადღირებული სახლი 2021 წლის აპრილში დაიკანონა. კუპატაძის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წეროვანში, რომელშიც ოფიციალური დოკუმენტის თანახმად 2023 წელს 41 ათას დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციის მიხედვით თეიმურაზ კუპატაძე ავტომობილებისა და მოტო- ტრანსპორტის მოყვარულია. მის სახელზეა რეგისტრირებული ტოიოტას მარკის ჯიპი, ის ფლობს რამდენიმე მოტოსატრანსპორტო საშუალებას, ისეთებს როგორიცაა კვადროციკლი და ბაგი, რომელშიც ჯამში 24 ათას დოლაზე მეტი აქვს გადახდილი. დეკლარაციის მიხედვით ძვირადღირებული ავტომობილი ყავს კუპატაძის მეუღლესაც - მაია ტაბუცაძის სახელზე მერსედესის მარკის ავტომობილია რეგისტრირებული, რომლის ღირებულება 53 ათასი დოლარია.
თეიმურაზ კუპატაძის გავლენებს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ყველა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან აკავშირებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი ოლიგარქის ძმის ადიკო ივანიშვილის შვილიშვილის ნათლიაა. ყველაზე ბევრი კითხვა მის ქონებრივ მდგომარეობაზე ისმის, დეკლარაციების მიხედვით პოლიციის მაღალჩინოსანი ყოველწლიურად მდიდრდება, რისთვისაც მისი ყოველწლიური ხელფასი წესით საკმარისი არ უნდა იყოს.