ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი გუშინ, 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია “მთავარს” გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება განზრახ მძიმედ დაზიანების ბრალდებით დაკავებული თარაშ კანდელაკი. წინა სასამართლო პროცესი კი 15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ერეკლე თედლიაშვილი გორში, რესტორან "ჟოზეფში" 8 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს სასტიკად სცემეს. მომხდარიდან მალევე დააკავეს თარაშ კანდელაკი - მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილი.
ექიმების შეფასებით, ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე უკიდურესად მძიმე იყო, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი თედლიაშვილი მრავლობითი დაზიანებებით, ჯერ კლინიკა "გორმედში" შეიყვანეს, მოგვიანებით კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, კლინიკა "ჯერარსში" გადაიყვანა. პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალში" გარდაიცვალა.