დღეს პარლამენტთან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულების ნაწილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატები ამბობენ, რომ რამდენიმე მათგანი ნაცემია, აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები, სჭირდებათ ექიმის დახმარება.
უფლებადამცველების თქმით, დღეს დაკავებული 20 პირიდან ჯერ ყველა არ გადაუყვანიათ იზოლატორებში და მათი ძებნა უწევთ.
"სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მომხდარა ყველა დაკავებულის შესახლება, დაკავებულები ჰყავთ ისევ მანქანაში გაჩერებული რომ ვნახოთ ყველა და გავიგოთ მათი მდგომარეობა, უნდა აღინიშნოს, რომ შევხვდი უკვე ორ დაკავებულს და ორივე არის ფიზიკური დაზიანების მსხვერპლი, ორივეს აქვს დაზიანებები, ერთი დაკავებული გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით, სჭირდება მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. დაკავებულებს აღენიშნებათ დაზიანებები, აქვთ ტკივილები სხეულის სხვადასხვა არეში", - ამბობს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.
დაკავებულის, გიორგი მენთეშაშვილის ადვოკატი, მარიამ პატარიძე ამბობს, რომ ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩის კვეთაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეითრიეს სამართალდამცავებმა და მუშტებს თავში ურტყამდნენ - "რამდენიმე ადგილზე, ზედაპირულად, რაც ჩემთვისაც კი აღქმადი იყო, გატეხილი აქვს თავი, სისხლის კვალიც აღენიშნება სხეულზე".
ადვოკატმა მოინახულა გურამ ადამიაც, რომელსაც ასევე სცემეს, მას კლინიკაში გადაყვანა სჭირდება:
"გურამ ადამიას გაუსწორდნენ სასტიკად, მას რამდენიმე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად როდესაც ის იყო წაქცეული, ვერც კი იხედებოდა იმდენი ადამიანი ურტყამდა, ზოგი სახის არეში, ზოგი ტანის არეში ფეხებს. რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც იზოლატორში მოიყვანეს, მას აღენიშნებოდა ეს დაზიანებები, იზოლატორმა მიიღო და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. როდესაც აქტიურად ჩავერიეთ ადვოკატები, როდესაც მოვთხოვეთ სამედიცინო პერსონალს, მაშინაც არ უნდოდათ გადაყვანა, აქტიური მოთხოვნის შემდეგ, როდესაც მივუთითეთ სხვადასხვა კანონზე, გამოიძახეს სასწრაფო და ამ ეტაპისთვის მოხდება ადამიას საავადმყოფოში გადაყვანა", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.