"მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ, არ მიიღოთ [რუსული] კანონი," - ამის შესახებ განცხადებას განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები ავრცელებენ:
"ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები, მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ, არ მიიღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.
ასევე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული მონაწილეები; სასწრაფოდ გამოძიებული უნდა იყოს მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები; დაისაჯონ დამკვეთები და შემსრულებლები – მათ შორის სახელისუფლებო რიგებიდან. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და მოსაზრებებს. ფაქტი, რომ ეს კანონპროექტი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მისი სამიზნე ჩვენი დასავლელი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები არიან, საგანგაშოა.
მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დაცვა ჩვენი საზოგადოების განვითარების გარანტად მიგვაჩნია. ამასთანავე, კანონპროექტი შეიცავს უდიდეს რისკებს მომავალში შექმნას კიდევ უფრო დიდი ქაოსი და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მოახდინოს იმ პირების/ორგანიზაციების მარგინალიზება, რომლებიც ადამიანის უფლებების, პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის, განათლების, ჯანდაცვის, სამოქალაქო აზროვნების განვითარებისთვის იბრძვიან.
ამით კი, თავის მხრივ, ის შექმნის ხელსაყრელ გარემოს:
- საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერებისთვის;
- ვიზა ლიბერალიზაციის გადასახედად და სანქციებისთვის;
- დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებთან თანამეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისთვის;
- ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების კიდევ უფრო მეტად დისკრიმინაციისთვის;
- თავისუფალი მედიის და აზრის გაქრობისთვის;
- განათლების, მეცნიერების, კვლევების შეზღუდვისა და შემცირებისთვის;
- შემოქმედებით სფეროში ტოტალური კონტროლის დაწესებისთვის;
- შრომითი უფლებების დარღვევების ლეგალიზებისთვის;
- ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისთვის;
- სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში დაწყებული პროცესების შეჩერებისთვის;
- გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი უკუსვლისთვის.
ეს ჩამონათვალიც კი სრულად ვერ ასახავს ზიანის იმ მასშტაბს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება. სამწუხარო რეალობაა, რომ პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრები მასიურად ტოვებენ საქართველოს (ათობით სტიპენდიატიც კი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი გახდა ბოლო წლებში), რამაც ქართულ შრომის ბაზარს დიდი ბზარი გაუჩინა,"- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ფოტო: პუბლიკა