საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი სერგი ბზიშვილი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების კადრები არ უნახავს

გამოქვეყნდა:

საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაჟა სირაძის მოადგილე სერგი ბზიშვილი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების კადრები არ უნახავს - ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისთან "მთავარი არხის" ჟურნალიტს უთხრა. 

დეა მამისეიშვილის კითხვაზე, ნახა თუ არა მან დარბევის კადრები უპასუხა, რომ "სამწუხაროდ არ მინახავს [დარბევის კადრები] ტელევიზორს ვერ ვუყურებ, Facebook არ მაქვს, მეუბნებიან [ახალ ამბებს]. გუშინ და გუშინწინ გარეთ ვიყავი და ვერ ვნახე ვერაფერი. რაც არ მინახავს იმას ვერ გეტყვით."

კითხვაზე, ნახა თუ არა, როგორ მოექცნენ დავით ქაცარავას, ლევან ხაბეიშვილს, როგორ შეასხეს სახეში წიწაკის სპრეი სასულიერო პირს სერგი ბზიშვილმა უპასუხა: "ამ თემაზე არ მსურს საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ აქ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. უბრალოდ არ მინახავს, რა მოხდა არ ვიცი, არ ვარ ინფორმირებული. მე რაც ვთქვი, იმაზე ვარ პასუხისმგებელი. თქვენმა კოლეგამ მითხრა, რომ დავარბიეთ მოქალაქეები, მაგრამ მე ვუთხარი... მაგ შემთხვევაში მოხდა ისეთი რაღაც, რომ მოვუწოდეთ მოქალაქეებს, გადასულიყვნენ მეორე მხარეს რაღაც კონკრეტულ ადგილას, დაგვემორჩილნენ და გადავიდნენ და მოვიდა ჟურნალისტი და მეკითხება, რატო დაარბიეთო და მე ვუთხარი, რომ აქ არ ხართ მეთქი, არ უყურებთ ალბათ მოვლენებსთქო".

"მოდი მე გეტყვით ერთ რაღაცას რა, მე წარმოვადგენ საპატრულო პოლიციას და მკითხეთ თუ გინდათ აქ რატომ ვდგავართ და გიპასუხებთ, რომ შეკრებილია მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური უფლება გამოხატონ თავისი აზრი, მშვიდობიან ფორმებში. აქ ვატყობთ, რომ მოქალაქეები გამოხატავენ მშვიდობიანად თავის მოთხოვნებს, აჟღერებენ მოთხოვნებს, ჩვენ მშვიდობიანად ვუსმენთ. თუ გაცდება კანონის ფარგლებს მანიფესტანტების ქმედებები, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. 

[...]

["ქართული ოცნების" ოფისთან მისვლა] კი შეუძლიათ. ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ როცა აქციის ფორმა აქ, როცა არის იმის საშიშროება, რომ რაღაც დაპირისპირება მოხდეს აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ საზოგადოების უსაფრთხოებას. ხომ შეიძლება, რომ ვიღაცამ ან ქონება დააზიანოს...

[...]

[დღეს აქცია] მშვენივრად მიმდინარეობს, ჩემი აზრით. ზუსტად გეტყვით რა ვთქვი მაშინ. მაშინ მითხრეს, რატომ დაარბიეთ ძალადობრივადო და მაგ შემთხვევაში ჩვენ არ დაგირბევია, პირიქით მოვუწოდებდით, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა, რომ დაეტოვებინათ კონკრეტული ადგილი უსაფრთხოების მიზნით, დაგვემორჩილნენ მოქალაქეები გადავიდნენ მეორე მხარეს და მოვიდა ჟურნალისტი და მეკითხება რატო დაარბიეთო და მე ვუთხარი, რომ პროპორციული ძალა გამოვიყენეთ..." - ამბობს ბზიშილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი