
"ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს... არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი", - ამის შესახებ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე საუბრობს, რომელიც დღეს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტებს შეხვდა.
"ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს. ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს. ის იბადება ჩვენს თვალწინ. დღესაც ამას ვხედავდი ამ ახალაგზრდების თვალებში, მათ გამომეტყველებაში, მათ უნარში, რომ იყვნენ მკიცე, ძლიერი, და ამავე დროს აბსოლუტურად მშვიდობიანიდა რაც მთავარია მხიარული... არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი, საით მიდის საქართველო. აი ამ მართლა ცივილიზებული, ევროპული, თანამედროვე დღევანდელობისკენ, იქითკენ, საითაც უნდა მიდიოდეს ყველა ჭეშმარიტი და ასეთი დიდი ისტორიის მქონე და დემოკრატიისადმი მიდრეკილი ერი, თუ პირიქით, შეიძლება დავბრუნდეთ საბჭოთა წარსულში", - ამბობს ლანა ღოღობერიძე.
შეხვედრას ესწრებოდა მსახიობი კახა კინწურაშვილიც, რომელმაც თქვა:
"თეატრალურის სტუდენტები არიან გაფიცულები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს თავიანთ ცხოვრებაში, რომ ემსახურონ ხელოვნებას და ხელოვნების მთავარი მამოძრავებელიც და მნიშვნელობაც არის თანაგრძნობა. და შესაბამისად, მე ვარ აქ იმიტომ რომ მათ დავუდგე გვერდზე, გავიზიარო მათი გაჭირვება იმიტომ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომელთან ერთადაც მე დღეს ვდგავარ სცენაზე და მომავალშიც უნდა ვიდგეთ ერთად და უნდა დავდგეთ სცენაზე. თუ მე დღეს არ ვიქნები მათ გვერდზე, მე არ მექნება არც მორალური უფლება და არც პროფესიული, რომ მე მომავალში ვიდგე სცენაზე მათთან ერთად".