
გუშინ, 16 მაისს, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, ფერდობის ჩამოშლას 53 წლის კაცი ემსხვერპლა. ის ადგილზე სანიაღვრე არხისთვის განკუთვნილ მილებს ამონტაჟებდა. სასწრაფო სამსახურს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
სამუშაოებს "შპს" გზა აწარმოებს. იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. კომპანიაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
"მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ ადგილზე მიმდინარეობდა ერთ-ერთ სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსთან "შალე კვირიკესთან" მისასვლელი გზის სამუშაოები. მისი და შპს "გზის" ხელმძღვანელი ადგილობრივი ბიზნესმენი, გია ჭყონიაა. ის "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია და წლებია თანხებს მმართველ პარტიას სწირავს.
ცნობისთვის, "მთავარი" დაუკავშირდა სოფლის გამგებელ ზურა თხილაიშვილსაც, რომელმაც არ იცის რა სამუშაოები ტარდებოდა მის სოფელში. მუნიციპალიტეტში კი ამბობენ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მათი დაკვეთით არ ხორციელდება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.