სტუდენტების ასეთი მასობრივი პროტესტი და გაფიცვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების აუდიტორიები ცარიელია. როდესაც დასაცავია ქვეყნის ევროპული მომავალი, როდესაც თაობების ნაბრძოლ თავისუფლებას რეალური საფრთხე ემუქრება, სტუდენტები სამშობლოს დასაცავად ქვეყნის მთავარ გამზირზე გამოვიდნენ. ახალგაზრდების უწყვეტი პროტესტია ბათუმსა და ქუთაისში.
სტუდენტების მხარდამხარ იბრძვის ლექტორების დიდი ნაწილიც. ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში შეხვდებით ლექტორების არაერთ ფოტოს ხან აქციიდან და ხან ცარიელი აუდიტორიიდან, რომ ახლა ყველასთვის სასიცოცხლო ინტერესში შედის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა, რადგან საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა დაუშვებელია. განათლების სამინისტროს მცდელობა დაიბაროს უმაღლესი სასწავლებელების რექტორები, მცდელობა დააშინონ ლექტორები და სტუდენტები - უშედეგოა.