
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (ივნის-ოქტომბერში) საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება. ეს რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს.
"ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას", - წერია უწყების განცხადებაში.
სააგენტოს ცნობითვე, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან - 17%-ს, რუსეთთან - 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს.