ბიძინას სამართალი საქართველოში ანუ როგორ მიიტაცა სახელმწიფო ივანიშვილმა. ბრიტანელი იურისტის 40 გვერდიანი ე.წ. white peper-ი, სადაც გავლენიანი ადვოკატი დეტალურად ყვება საქართველო უახლეს ისტორიას. რობერტ ამსტერდამი ახლა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატია. ამ საქმეში კი ოლიგარქის ინტერესი და დაკვეთა სასამართლოს მიმართ ღიად იკვეთება.
მსოფლიოში ცნობილი იურისტი, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე პუტინის მიერ დევნილი რუსი მილიარდერის მიხაილ ხადარკოვსკის ადვოკატი იყო, გზამკვლევში წერს, რომ ივანიშვილი პუტინის გზას ერთი-ერთში იმეორებს. გიორგი ბაჩიაშვილის საქმე კი რომელიც ივანიშვილის დაკვეთით დაიწყო, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და კონტროლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.
ბიძინას სამართალი - საქართველოს სახელმწიფოს მიტაცება - ამ სახელწოდებით დოკუმენტი ბრიტანელი იურისტის რობერტ ამსტერდამის დაწერილია. გავლენიანი ადვოკატი , ოდესღაც ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი და ახლა მის მიერვე მტრად გამოცხადებული გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებს იცავს. ე.წ white peper -ში ანუ თეთრ ქაღალდში, ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის ურთიერთობის დეტალების გარდა, განხილულია ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასა და ოლიგარქს დაქვემდებარებული მართლმსაჯულების სისტემაზე.
რობერტ ამსტერდამი მსოფლიოში ცნობილი იურისტია და 40 წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. ამსტერდამი იყო თურქი ოპოზიციონერის ადვოკატი, ასევე მონღოლეთისა და ტაილანდის ყოფილი პრემიერების დამცველი, ის ადვოკატირებას უწევდა პუტინის დევნილ რუს მილიარდერ მიხაილ ხადარკოვსკის. ასევე დუმის ყოფილ დეპუტატ ილია პანამაროვს. ადვოკატ ამსტერდამის დასაცავთა სია დიდია, თუმცა ყველას საერთო მახასიათებელი აქვს - ისინი პოლიტიკური დევნის მსხვერპლები არიან. საერთაშორისო ადვოკატმა ბევრი იცის პუტინის მეთოდების შესახებ . საქართველოში მიმდინარე მოვლენების განხილვისას კი რუსეთისა და ჩვენი ქვეყნის რეჟიმებს შორის ბევრ მსგავსებას ხედავს.
ამსტერდამი ახლა გიორგი ბაჩიაშვილის უფლებებს იცავს. ეს სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებული და შეიძლება ითქვას, უნიკალურია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და მას პირადად მოუწევს, ოდესღაც უახლოესი ადამიანის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემა. ყოფილ პირად ფინანსისტს ოლიგარქი 40 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინების მითვისებაში ადანაშაულებს. ბაჩიაშვილი ბრალდებულად 2023 წლის ზაფხულში ცნეს. გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ თანაინვესტირების ფონდის უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დანაშაულებრივ საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა. იმ დროისთვის ბაჩიაშვილი უკვე იყო ოლიგარქის აქტივების განმკარგველი ფინანსისტი და მასთან ძალიან დაახლოებული პირი.
ამ ეტაპზე ოლიგარქთან დაპირისპირებულ ფინანსისტს დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა სოციალურ ქსელში საჯაროდ აკრიტიკებს ივანიშვილის რუსულ პოლიტიკას და ქართველი ხალხის პროტესტს მხარს უჭერს. როგორც მისი ადვოკატი გვეუბნება, სწორედ ბაჩიაშვილის პროდასავლურობა გახდა ივანიშვილისთვის მიუღებელი.
გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინის ღია მხარდაჭერა მისთვის კარგის მომტანი არ იქნებოდა. დოკუმენტში, რომელიც ბრიტანელი იურისტის მიერ არის შედგენილი ამ საუბრის დეტალებს ვკითხულობთ:
"ბაჩიაშვილის მიერ უკრაინის ომის მკაცრი საჯარო დაგმობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მან მიიღო უცნაური, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი ივანიშვილისგან: „სჯობს წესიერად მოიქცე, თორემ გაიგებ, როგორ დავალაგე საქმე კრიმინალებთან რუსეთში“, - უთხრა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს და ასევე დაამატა, საკმარისად მადლიერი არ ხარ იმ ყველაფრისთვის, რაც შენთვის გამიკეთებიაო. ივანიშვილის მოთმინების ასეთმა მოულოდნელმა ამოწურვამ ცხადყო, რომ ის სრულად იზიარებდა მოსკოვის ნარატივს მსოფლიოს ორ ნაწილად - „ჩვენიანებად“ და „უცხოებად“ გაყოფის შესახებ."
ამ ყველაფრის პარალელურად, ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები გიორგი ბაჩიაშვილის გაშავების კამპანიას იწყებენ. ოლიგარქის პროპაგანდისტი და მისი აზრების საჯაროდ გამხმოვანებელი ზაზა შათირიშვილი 2022 წლის მაისში აქტიურად საუბრობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დასავლეთის აგენტია.
პირველი უთანხმოება ოლიგარქსა და მის პირად ფინანსისტს შორის "კრედიტ სუისის" დავის მიმდინარეობისას მოხდა. ბაჩიაშვილი ცდილობდა დაერწმუნებინა ივანიშვილი, რომ მისი ფულის მოპარვის საქმეში შეერთებული შტატები არაფერ შუაშია და ეს ერთი ადამიანის მიერ დაგეგმილი ქურდობა იყო. პატრიკ ლესკადრონის მიერ შემუშავებული და განხორციელებული ფინანსური მაქინაციები 2015 წელს სწორედ გიორგი ბაჩიაშვილმა აღმოაჩინა და ის იყო ბევრი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოში.
"ბაჩიაშვილი სხვადასხვა დროს ცდილობდა, გადაერწმუნებინა ოლიგარქი დევნის ილუზიებისგან, ეუბნებოდა რომ არ იყო არანაირი მტკიცებულება "კრედიტ სუისის" თაღლითობაში შეერთებული შტატებს რაიმე სახით მონაწილეობის შესახებ. ეს საღი აზრი და რჩევა ოლიგარქმა და მისმა გარემოცვის წევრებმა კარგად არ მიიღეს. დაიწყო ბაჩიაშვილის არალოიალურ და პოტენციურად, დასავლეთის აგენტად შერაცხვის კამპანია"
გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლია. თუმცა მისი საქმე კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსულ ინტერესების გამტარებელი ოლიგარქია და გზიდან იშორებს ყველას, ვისთვისაც დასავლური ღირებულებები მნიშვნელოვანია.
40 გვერდიან ე.წ თეთრ ქაღალდში განხილულია დეტალები, როგორ მოხვდა ივანიშვილი რუსეთში, შვიდი ბანკირისგან შემდგარ ჯგუფში და როგორ ჩაერთო ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად დიდ პოლიტიკაში.
"2012 წელს ბერეზოვსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა ივანიშვილის გადამწყვეტი პოლიტიკური როლი, რომელსაც ის კულისებში თამაშობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი არ იყო ამ ჯგუფის გამორჩეულ წარმომადგენლებს შორის, ის ფრონტის ხაზზე იყო. ამ მხრივ, ივანიშვილის წვლილი მართლაც დიდი იყო“, - განაცხადა ბერეზოვსკიმ.
„ლებედი ძალიან ენდობოდა ივანიშვილს და მალკინს და გაითვალისწინა მათი მოსაზრებები, რაც მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა- 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ელცინის მხარდაჭერა."
როდესაც ელცინმა თავის მემკვიდრედ ვლადიმირ პუტინი დაასახელა, ოლიგარქების მოთვინიერების ხანა დაიწყო. შვიდი ბანკირიდან უმრავლესობის ბედი მკვეთრად შეცვლა. 2003 წლისთვის მიხაილ ხოდორკოვსკი ცრუ ბრალდებებით ჩასვეს ციხეში, ბერეზოვსკი და ვლადიმერ გუსინსკი ემიგრაციაში წავიდნენ, კიდევ ორი ბიზნესიდან საერთოდ გააძევეს. ივანიშვილი რჩება ე.წ სემიბანკირშინას ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან წევრებს შორის, რომლებიც პუტინის ეპოქაში აგრძელებდნენ საქმიანობას.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბერეზოვსკიმ თქვა:
„ვიცი, რომ ივანიშვილს რუსეთში პრობლემები არ აქვს. ჩემთვის ეს ყოველთვის ზუსტი კრიტერიუმია, რომ ბიზნესმენი თამაშობს რუსეთის ხელისუფლების მიერ დადგენილი წესებით. რუსეთში არ არსებობს ბიზნესმენები, რომლებსაც არ აქვთ პრობლემები ხელისუფლებასთან და ამავდროულად, არ არიან მისი პოლიტიკის მხარდამჭერები და მატარებლები"
დოკუმენტში, ამ და არა მხოლოდ ამ მაგალითებით, განმტკიცებულია ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია. წლების წინ ოლიგარქმა იმდენად კარგად შენიღბა საკუთარი თავი , მაგალითად კოალიციაში პროდასავლური პარტიების შეერთებით, რომ ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილისა და დასავლეთის მოტყუება შეძლო. ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან მალევე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა ჩრდილოეთისკენ. მთავრობიდან წასვლა აიძულა და გადაემტერა დასავლური ღირებულებების მქონდე პოლიტიკოსებს, მაგრამ მაშინ ბევრს ეს პირადი დაპირისპირება ეგონა.