
"შორს ვართ, მაგრამ შენთან ვართ, საქართველო!", - ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ქართველმა ემიგრანტებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს და რუსული კანონი გააპროტესტეს.
აქცია გაიმართა ევროპის არაერთ ქალაქში, მათ შორის ათენში, ვენაში, ასევე სტრასბურგსა და ლილიში. ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ კიოლნსა და ფრანკფურტში. საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს თელ-ავივშიც.
ემიგრანტებმა "ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს. მათ ბანერებზე მერაბ კოსტავას ცნობილი ფრაზა ეწერათ: "მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც კი, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც."
ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი არ უნდა მიიღოს და პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს, რადგან ეს კანონი ქვეყანას რუსეთში მიაქანებს და არა ევროპაში. საქართველოს გზა და მომავალი კი, მათი თქმით, სწორედ ევროკავშირშია.