"ჩვენი ძირითადი მისია არის რომ ყველა ადამიანს, ვისაც უნდა რომ დაიცვას ოპოზიციური ხმა, ჰქონდეს შესაძლებლობა არჩევნებზე იყოს დამკვირვებელი"- ამბობს ახალი პლატფორმის, "დაიცავის" დამფუძნებელი ილია ღლონტი.
პლატფორმა არჩევნებში დაინტერესებული პირების ჩასართავად შეიქმნა, იგი გადაამზადებს იმ პირებს, რომლებსაც სურთ 2024 წლის 26 ოქტომბერს საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ და მოქალაქეების ხმების დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. მათ სამართლებრივ გადამზადებასა და სპეციალური ცოდნით აღჭურვაში კი არასამთავრობო ორგანიზაციები და კვალიფიციური იურისტები ჩაერთვებიან.
"ეხლა უნდა გადავერთოთ, სრულად ვკონცენტრირდეთ არჩევნებზე, ჩვენი მთავარი მისიაც და მიზანიც არის, რომ მოვიგოთ ეს არჩევნები და შეიქმნას კოალიციური მმართველობა ქვეყანაში, რომელიც ამ ქვეყანას გაიყვანს იქ, სადაც მისი რეალური ადგილია ძალიან დიდი ხანია. ჩვენი ძირითადი მისია არის რომ ყველა ადამიანს, ვისაც უნდა რომ დაიცვას ოპოზიციური ხმა, ჰქონდეს შესაძლებლობა არჩევნებზე იყოს დამკვირვებელი. შევქმენით პლატფორმა "დაიცავი" სადაც შეუძლიათ შემოვიდნენ მომხმარებლები და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ მათ დაიცვან არჩევნები,"- ამბობს ილია ღლონტი.
პლატფორმის შემქმნელები უკვე მართავენ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებსაც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვთ და რომლებიც გადამზადების პროცესში ჩაერთვებიან.
"დაიცავი" Facebook ჯგუფია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ, მისწერონ ჯგუფის შემქმნელებს, ან დაუტოვონ მონაცემები და დაელოდონ უკუკავშირს.