
სარფში "სავიზიტო" საქანელას მოსაწყობად 97 ათასი ლარი დაიხარჯება - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს რომ ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი, რომელიც "სავიზიტო ბარათი [საქანელა] კონსტრუქციის მოწყობას" ითვალისწინებს, უკვე გამოაცხადა - სატენდერო თანხა კი 97 ათას 794 ლარია.
გამოცემა წერს, რომ პროექტის მიხედვით, საქანელა სარფში, მთაზე, ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებასთან მდებარე ჩანჩქერის ზემოთ მოეწყობა.
ასევე, პროექტის მიხედვით, ეს იქნება ადგილი - გადასახედით ზღვაზე, სადაც საქანელას გარდა პროექტით დაგეგმილია სკამების, განათების, სასმელი წყლის შადრევნისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ცნობილია, რომ სატენდერო წინადადებების მიღება 2024 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.
საქანელა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა მოაწყოს.