
საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი, პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ღია წერილს აქვეყნებს სათაურით - "ლევილი ჩამორთმეულია!". ის ეხმაურება ლევილში აქტივისტების მიერ მინისტრ თეა წულუკიანისთვის აქციის მოწყობას, რა დროსაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო და ამის შემდეგ იქ განვითარებულ მოვლენებს.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ინციდენტი ადასტურებს, ის გახდა ადგილი, რომელიც განკუთვნილია მარტოოდენ ამჟამინდელი მთავრობის წევრების საჯარო განცხადებებისთვის და დახურულია ყოველგვარი კრიტიკისთვის.
იხილეთ წერილი:
"24 მაისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით, კულტურის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანისა და პარლამენტის კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ქალბატონ ელისო ბოლქვაძის მონაწილეობით, გაიხსნა ლევილის „ქართული ფესტივალი“.
24 და 26 მაისს, ლევილში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჯერ საპროტესტო აქცისთვის, შემდეგ კი ეროვნულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებისთვის ჩამოსული ქართველები, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მათ მიერვე გაფრთხილებული საფრანგეთის პოლიციის დახმარებით, უცერემონიოდ გაააძევეს ლევილის ეროვნული მამულიდან.
ლევილის მამული, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ შეიძინა, იყო ადგილი, სადაც ყველა ქართველი სასურველი სტუმარი იყო. ამიერიდან, როგორც ეს ინციდენტი ადასტურებს, ის გახდა ადგილი, რომელიც განკუთვნილია მარტოოდენ ამჟამინდელი მთავრობის წევრების საჯარო განცხადებებისთვის და დახურულია ყოველგვარი კრიტიკისთვის.
ზუსტად იმ დროს, როდესაც აღნიშნავდნენ რუსეთის იმპერიალიზმთან მძიმე ბრძოლით მოპოვებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (1918 წლის 26 მაისი) ღონისძიების ორგანიზატორები, კულტურის მინისტრის თანხმობით, ცდილობდენ გაეჩუმებინათ იქ მისული ახალგაზრდა მომიტინგეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ კანონებს და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოებას.
სიმბოლოებით შენიღბვა და ამ სიმბოლოების მნიშვნელობის დამახინჯება, სახელმწიფო ქონების ჩამორთმევა არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ - აი, რა თამაშს აქვს ადგილი საქართველოში, ისევე როგორც ლევილში.
ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ, სანქცირებულ ძალის გამოყენებას, როგორც ლევილში, ასევე საქართველოში".