საპროტესტო აქცია იმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში. მოსახლეობა მათ სოფელში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილზე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ადგილობრივებმა, პროტესტის ნიშნად, კომპანიის მიერ ტერიტორიის შემოღობვისთვის დამაგრებული ბოძები მოთხარეს და გადაყარეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიას საძოვრებად იყენებენ და ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში, პირუტყვი საძოვრის გარეშე დარჩება.
"თავს შევაკლავთ და მაინც არ ავაშენებინებთ, ათასობით ადამიანი პროტესტის უკიდურესს ზომას მივმართავთ. გარდა იმისა, რომ პირუტყვი საძოვრების გარეშე რჩება, ასევე მოიწამლება სასმელი წყალი, ჰაერი და ისტორიულ თამარის ციხესთან, სადაც ყოველდღიურად ტურისტები ჩამოდიან, მათ უკვე ნაგავსაყრელი დახვდებათ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.