გორში, პოლიციის შენობასთან აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები, ბაბაევის ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები მის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბაბაევი რუსული რეჟიმის პატიმარია, ვინაიდან მისი დაკავება სწორედ მის სამოქალაქო პოზიციას, პროევროპულ აქციებში მონაწილეობასა და "ოცნების" რუსული პოლიტიკის გაპროტესტებას უკავშირდება.
აქციის პარალელურად პოლიციასთან მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, მათ შორის სამხარეო პოლიციის უფროსი, თუმცა ვალერიან თელია “მთავარის”კითხვებს გაექცა. აქვე ცნობილია, რომ სოსო ბაბაევის ცემის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, გამომძიებელი იზოლატორში ცოტა ხნის წინ იყო შესული.
იოსებ ბაბაევი გასულ ღამეს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების "მაკაროვი" მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. ადვოკატის თქმითვე ბაბაევი ნაცემია.
ბაბაევისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო სხდომა ჩაინიშნება.