
ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გაურბის სანქციებზე საუბარს, რადგან პოლიტიკისგან დისტანცირებულია. სამთავრობო მედია "იმედთან" საუბრისას ის ამბობს, რომ საქართველო ტურბულენტურ ზონაში მოექცა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება.
"რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2 000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებებს ვეწევით და გავაგრძელებთ ამას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება და ამ გლობალური ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება", - ამბობს ვანო ჩხარტიშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვა - საუბარია "ოცნების" წევრებზე, პარლამენტარებზე, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე და კერძო პირებზე. სანქციები შეეხებათ სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებსაც. სია საჯარო არაა.