
ნიკო მანაგაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა. მანაგაძე კლინიკიდან გვიან ღამით გამოწერეს და ამ დროისთვის რეაბილიტაციას სახლში განაგრძობს.
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ თავდასხმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ათეულობით სათვალთვალო კამერისა და თვითმხილველების თვალწინ მოხდა. სტუდენტი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია დააანონსა, სასტიკად არის ნაცემი. თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს რამდენიმე თავდამსხმელი, რომლებიც ანგარიშსწორების შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.