ძალადობა პოლიციის განყოფილებაში | კახა ლამაზოშვილს ცემაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-10 სამმართველოს უფროსს, კახა ლამაზოშვილს მოქალაქე ძალადობაში ადებს ხელს. მისი თქმით, ლამაზოშვილმა პოლიციის განყოფილებაში სცემა. "შაბათის მთავარი" რესპონდენტის ვინაობას მისივე თხოვნით არ ასაჯაროებს. 

ყველაფერი კი 112 -ში ზარით დაიწყო. მოქალაქე ცუდად მყოფი მამისთვის სასწრაფოს გამოგზავნას ითხოვდა, თუმცა გადაუდებელი დახმარება აგვიანებდა, რასაც ახალგაზრდა კაცის გაღიზიანება და 112- ის ოპერატორის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები მოჰყვა. ამ მძიმე სატელეფონო საუბრის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც მისივე მონათხრობით, სამართალდარღვევის ოქმზე ხელმოწერას ქუჩური მეთოდით აიძულებდნენ. მისივე მტკიცებით კახა ლამაზოშვილის მხრიდან უფლება მოსილების გადამეტების ფაქტს სხვა პოლიციელებიც ესწრებოდნენ. 

ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ სამმართველოში გაჩხრიკეს, ფოტოები გადაუღეს და შეადგინეს დაკავების ოქმი, რომელიც მისთვის არ გაუცნიათ. ამის შემდეგ ჩასვეს პოლიციის მანქანაში და გადაიყვანეს დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ორი დღე დაყო.

დარღვეული უფლებების აღსადგენად და პოლიციელების ბრალეულობის გამოსაკვეთად ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ახალგაზრდამ სამართლებრივი დავა დაიწყო. დაიქირავა ადვოკატებიც, რომელთა ინფორმაციითაც პოლიცია ახალგაზრდა კაცს  წვრილმანი ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავების ოქმში წერია, რომ ახალგაზრდა კაცს დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც მე-10 განყოფილებაში შედგენილი ოქმის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. 

გადაამეტეს თუ არა პოლიციელებმა უფლებამოსილებას ამას უკვე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაადგენს. საჩივარი სამსახურში უკვე შეტანილია. მოქალაქემ ჩვენება უკვე მისცა. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ის აუდიო- ვიდეო ჩანაწერები უნდა იყოს, რომელიც სამმართველოს შენობის გარე და შიდა სივრცეშია დამონტაჟებული, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს,რომ ისინი  პოლიციას უკვე განადგურებული ჰქონდეს.  

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მიმართ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333- მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობითა და იარაღის გამოყენებით უფლება -მოსილების გადამეტებას  გულისხმობს.  უწყებებში არ ამბობენ და შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია, შეუჩერდა თუ არა კახა ლამაზოშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება .

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი