ძლიერი სტიქია შიდა ქართლში - სეტყვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები დააზარალა. განადგურებულია ხეხილი, ვაზი, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. სეტყვასთან ერთად რეგიონში იყო ძლიერი ქარი, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფლებში - დვანში და ტახტისძირში. ადგილობრივების თქმით, გუშინ სოფელი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისეტყვებოდა, ისინი დახმარებას ითხოვენ და ყვებიან, რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს.
დვანში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია და დახმარებასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.