ზუკა ბერძენიშვილის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტზე დღეს დილით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.
თუმცა, არც ბერძენიშვილს და არც მის ახლობლებს არ აქვთ იმედი, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება და მოძალადეებს დააკავებენ.
თავად ბერძენიშვილი კი ამ დროისათვის საოპერაციოშია შეყვანილი. მას ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი, ექიმების ვარაუდით მას ტვინის შერყევაც აქვს.
ოპერაციამდე კი ბერძენიშვილმა დაწერა, რომ სამართალდამცველები "ფეხს ითრევენ" სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაზე, გარდა ამისა, მან დააფიქსირა იმ მანქანის სანომრე ნიშანი, რომლითაც მოძალადეები გადაადგილდებოდნენ, თუმცა სამართალდამცველები არ პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვას, იდენტიფიცირებულები არიან თუ არა თავდამსხმელები.
ზუკა ბერძენიშვილს დღეს დილით საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.