
ავტორიტარული და დემოკრატიული ძალების დაპირისპირება, რუსეთ -უკრაინის ომი, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის საკითხები - თბილისში "საქართველოს უნივერსიტეტის" ორგანიზებით, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიებზე დიპლომატები ქართველ ექსპერტებთან ერთად საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.
"ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი, ჩვენი ევროპელი მეგობარი ზუსტად ხედავს იმ სირთულეებს, რომელიც შექმნა ამ კანონმდებლობის მიღებამ ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორის უგულებელყოფით და მათი პოზიციის გათვალისწინების გარეშე ამ კანონმდებლობის მიღებას, თუ რეალურად რა საფრთხეს უქმნის ეს კანონმდებლობა ქართულ დემოკრატიას, საქართველოში ადამიანის უფლებებს, რა საფრთხეს უქმნის ზოგადად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რეალურად მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამ კანონის პირობებში, საქართველოს ვერასდროს ვერ გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს უკვე არსებულ ფორმატებსაც და ეს ფორმატია კანდიდატი წევრის სტატუსი და მეორე ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია", - თქვა დიპლომატმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ.
ავტორი: დავით კობიძე.