"მიუღებელია პრემიერმინისტრთან ერთი სივრცის გაზიარება, ჩემი ქვეყნის მტრად მიმაჩნია" | სალიოს ბენდის წევრები

გამოქვეყნდა:

გვერდით ვერ დავუდგებით ისეთ ადამიანს, ვინც ჩვენს სურვილებს და მიზნებს ეწინააღმდეგება - ამის შესახებ, "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში სალიოს ბენდის წევრი საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან რუსულ კანონს და ხელისუფლების ქმედებებს ხალხის წინააღმდეგ.

"გავიგეთ, რომ უნდა გამოსულიყო [კობახიძე] და ეგ იყო და ეგ. ჩვენ გვერდით ვერ დავუდგებით ისეთ ადამიანს, ვინ ჩვენს სურვილებს და იმ მიზნებს ეწინააღმდეგება. რომ გავიგეთ, რომ ასეთი სიტუაცია დაგვხვდება იქ, ესეთ ადგილას არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ რაღაცნაირად ვასოცირდებოდეთ ჩვენ. ჩვენი პოზიცია გასაგებია, რომ ვეწინააღმდეგებით იმ კანონს და ქმედებას, რასაც მთავრობა სჩადის ხალხის წინააღმდეგ" - ამბობს მუსიკოსი. 

ბენდის კიდევ ერთი წევრის, სანდრო სულაქველიძის თქმით, გუშინ შეიტყვეს, რომ ღონისძიებას პრემიერი კობახიძეც უნდა დასწრებოდა:

"ბილეთებიც ნაყიდი ჰქონდათ  და გუშინ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა და თქვეს, რომ ევროპაში ინტეგრაციის გამო არ გამოვა სხვანაირად, პრემიერმინისტრი უნდა გამოვიდესო. სალომე და პაპუნა იყვნენ დრამერი ვინც არის და იმათაც უთხრეს, რომ სცენაზე არ დავდგებითო ან უკიდურეს შემთხვევაში რამეს მივაძახებთო და განცხადებას გავაკეთებთო დაა მაშინ სჯობს, რომ თავი შევიკავოთო. მიუღებელია ჩემთვისაც პრემიერმინისტრთან ერთი სივრცის გაზიარება სცენაზე. ჩემი ქვეყნის მტრად მიმაჩნია" - ამბობს სანდრო სულაქველიძე

შეგახსენებთ, მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) უარს ამბობს გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. მომღერლის თქმით, ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავდა საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბერლინში 21 ივნისს უნდა გაიმართოს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი