საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ?! | CSF ჩხიკვაძეზე

გამოქვეყნდა:

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ფონდი ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფონდის შეფასებით, ეს ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული.

"ვანო ჩხიკვაძეს, ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფი და სამთავრობო მედიის წარმომადგენლები შეძახილებით დახვდნენ. ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში მის გამოსვლას ეხმაურებოდა. ჰელსინკის კომისიაზე ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ. 

ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თუ პიროვნული ღირსებით გულშემატკივრობს იმას, რასაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და კონსტიტუცია ითვალისწინებს - ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ბუნებრივია, მის მიერ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ადვოკატირება მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავს. ჩვენ არ გვიკვირს, რომ ვანო ჩხიკვაძის სულისკვეთება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებისა და ამ პროცესის თანმდევი სიკეთის შესახებ შეუთავსებელია ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიღო რუსული კანონი - ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლო.
„ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ ემეტება ის, რისთვისაც ვანო ჩხიკვაძე სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად იბრძვის - ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, თვითმყოფადობის დაცვა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა." ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ვანო ჩხიკვაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ტიტუშკა დაახვედრეს, მალევე ადგილზე სამთავრობო ტელევიზიებიც მივიდნენ.

ვანო ჩხიკვაძე  აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. სწორედ ამის შემდეგ, მის მიმართ ხელისუფლებამ აგრესიული და დეზინფორმაციული კამპანია გააჩაღა და "მოღალატე" უწოდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი