"დამნაშავეებად" გამოცხადებული ქართველი ჯარისკაცები | უკრაინაში მებრძოლი გმირები, რომლებიც ოკუპანტმა "გაასამართლა" და "დააპატიმრა"

გამოქვეყნდა:

ეფესბეს ახალი კამპანია ქართველი გმირი მებრძოლების წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში ახლაც ფრონტის წინა ხაზზე არიან. ინტერნეტსივრცეში შექმნილია სამხედროების ვიკიპედია რუსული დეზინფორმაციითა და ტყუილებით. ოკუპანტების სამიზნეა ყველა სამხედრო. მათ წინააღმდეგ საქმეები აქვთ შეკერილი, სასამართლო პროცესებიც ჩაატარეს  და ჯარისკაცების ნაწილი დაუსწრებლადაც გაასამართლეს. უკვე პატიმრობაც შეუფარდეს და რუსეთის მასშტაბითაც ეძებენ.  ოკუპანტისგან ეს პროპაგანდისტული ნაბიჯები გასაკვირი არ არის, მაგრამ  ყველაზე მძიმე აქ ოლიგარქის მთავრობის დუმილია. "ოცნებას" ოკუპანტის ამ ქმედებებზე განცხადება ერთხელაც კი არ გაუვრცელებია. პუტინის რეჟიმი კი მოქმედებაზეა გადასული. ეფესბემ უკრაინაში მებრძოლი  „ქართული ლეგიონი“  ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკვე გაასამართლა და დაუსწრებლად 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლ გვანცა გელაშვილს, "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის".

რუსეთმა იმავე მუხლით გაასამართლა ქართული ლეგიონის მეთაურის მოადგილეც და მასაც 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ლევან ფიფია ახლა უკრაინაში - სახალხო გმირი, რუსეთში კი სისხლის სამართლის დამნაშავე და ძებნილია.

ქართველი მებრძოლების დისკრედიტაცია რუსეთმა მათი გაშავებით დაიწყო, ამას ასობით მებრძოლისთვის ბრალის წაყენება და დაუსწრებლად გასამართლება მოჰყვა, მუხლით, რომელიც სავარაუდოდ გადაკვალიფიცირდება და დამძიმდება. აქამდე თუ უკრაინაში მებრძოლი ქართველებს რუსეთი დაქირავებულობაში და შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში სდებდა ბრალს, ეფესბემ გუშინ უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი უცხოური შენაერთი - ქართული ლეგიონი - ტერორისტული გასამხედროებული დაჯგუფებაა.

„ლეგიონის“ წევრები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს და ასევე მონაწილეობენ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიულ- ტერორისტული აქტების ორგანიზებაში , რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში. " - აცხადებს რუსეთი

სამხედროებს, რომლებიც უკრაინის დასაცავად 2014 წლიდან იბრძვიან, არც რუსეთის მიერ სამართლებრივი ბრალდებები აკვირვებთ და არც ტერორისტებად შერაცხვა.

geochronic.ru - ასეთია ვიკიპედიის ანალოგი საიტის მისამართი, რომელზეც ასობით სტატია და 500-მდე ქართველი მებრძოლის ე.წ. დოსიეა ატვირთული. აქვეა  რუსეთის მიერ დაწერილი რატი ბურდულის ბიოგრაფია. რატი იგივე „ოდინიჩი“ მებრძოლთა იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომელთა გასაშავებლადაც რუსეთმა განსაკუთრებით ბევრი მითი შექმნა. 

წლებია რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ რატი ბურდულმა განსაკუთრებით მძიმე ომის დანაშაულები ჩაიდინა. მის წინააღმდეგ პროპაგანდა ჯერ კიდევ მაშინ ამუშავდა, როცა სოციალურ ქსელში მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.

ამას მოჰყვა უკვე ყველასთვის ნაცნობი ფოტო, რომელშიც სამხედრო ინსიგნია ჩანს ზედ დატანილი გვარით - ანწუხელიძე. ფოტოს გამოქვეყნების მომენტიდან დღემდე, რუსი პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ "ოდინიჩმა" ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები სასტიკად აწამა. 

რუსეთის ყველა ბრალდება და სამართლებრივი სასჯელი არასერიოზულია, როცა ფრონტის წინა ხაზზე ხარ, მაგრამ ქართველი მებრძოლები არიან ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებაც რუსეთთან თანამშრომლობს, 12 წლის განმავლობაში არ გამოუვლენია არცერთი რუსი ჯაშუში, აქ უპრობლემოდ შემოდიან და გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც არავინ აკონტროლებს. ეს კი მოცემულობას ძირეულად ცვლის.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების უმრავლესობა წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ირიცხებოდა. ახლა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვიან აგვისტოსა და აფხაზეთის ომების მონაწილეები, ქართველი სამხედრო ვეტერანები. ახლა კი აღმოჩნდა, რომ დამპყრობელ სახელმწიფოსთან გარიგებული ხელისუფლება, მათთვის მთავარი საფრთხეა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე, 67 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, არცერთი მათგანი არ დაუკრძალავთ ძმათა სასაფლაოზე, არცერთი მათგანის პანაშვიდზე არ მისულან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები. ათობით სამხედრო მძიმედ დაიჭრა. რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს მათი უმრავლესობის პირადი მონაცემები, წაუყენეს ბრალი, გაასამართლეს, მიუსაჯეს პატიმრობა და არავის სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მებრძოლების ინტერესებს ახლა მაინც დაიცავს. 
 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი