დაპირისპირება ქართული ოცნების ორ დაჯგუფებას შორის. "შაბათის მთავარმა" გაარკვია, რომ ნაცემია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი "ხარება" იგივე ზვიად ხარაზიშვილი და მასთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, პირი ვინც ხარებას სცემა ე.წ. ტიტუშკების მეთაურია და ამ დროისთვის თურქეთშია გაქცეული. კონფლიქტი სუფრაზე უთანხოებით დაიწყო, რომელიც დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჩვენი ინფორმაციით, პროცესში ჩართულია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი, რომელიც მხარეების შერიგებას ცდილობს და ასევე მხარეთა შერიგებაში, სავარაუდოდ, დედაქალაქის მერიც მონაწილეობდა.
"მთავარი" ესაუბრა გიორგი შინჯიკაშვილის უახლოეს მეგობარს, სამირ ხიალოვს, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, რომელმაც არ უპასუხა კითხვას, გამოჩნდა თუ არა შინჯიკაშვილი დაპირისპირების შემდეგ. შინჯიკაშვილის სახლთან რამდენიმე დღეა მობილიზებულები არიან მისი მხარდამჭერები, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ მარტყოფში "ხარება" შესაძლოა სპეცრაზმით ჩავიდეს.
წყარო გვეუბნება, რომ დაპირისპირებული მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში "ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძეც იყო ჩართული. წყაროს თქმით, ის შინჯიკაშვილს ეუბნებოდა, დაბრუნებულიო თბილისში და გარანტიას აძლევდა, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირების გარეშე ჩაივლიდა. კალაძე დღეს მედიასთან გამოჩნდა, თუმცა აღნიშნულ თემაზე კითხვას არ უპასუხა.