"შევუნარჩუნოთ კაფე მზიური თბილისს" | მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს

გამოქვეყნდა:

შევუნარჩუნოთ "კაფე მზიური" თბილისს და "მზიანს" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მერია მზიურის კაფეს შენობის აუქციონზე გატანას გეგმავს. თბილისის მერმა, კახი კალაძემ დღეს თქვა, რომ გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, შეეძლება მონაწილეობის მიღება. მისივე თქმით, რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც ადანაშაულებდნენ.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ კაფეს საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები. 

"სოციალური კაფე "მზიურის" თავდაპირველი სოციალური მისია იყო მიტოვებული პარკის აღდგენა და მისი ფუნქციური დატვირთვა. ააიპ "მზიანის" პროექტის, „ახალი მზიურის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის უპრეცედენტო მხარდაჭერით, შეიქმნა სოციალური საწარმო „კაფე მზიური“, რომლის ფარგლებში, სრულიად განახლდა და აღიჭურვა კაფეს ისტორიული შენობა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე.

2016 წლიდან დღემდე, კაფეს ორგანიზებული აქვს 800-ზე მეტი საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიება. დღეს "მზიური" ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი სივრცეა, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მხარდამჭერი და ინიციატორი. იგი ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპებით, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალური მიზნის მქონე პროექტებში.

კაფე "მზიური" ყვება ინკლუზიური გარემოს შექმნის წარმატების ისტორიას, რომელიც სამაგალითოა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ პერიოდის განმავლობაში ააიპ "მზიანის" გუნდმა შეძლო, გადაელახა სოციალური საწარმოს მართვის არაერთი გამოწვევა, მოეპოვებინა ნდობა და დადებითი რეპუტაცია ფართო საზოგადოებაში და დღემდე პირნათლად ასრულებს მის მისიას. ფართო საზოგაგოებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია "მზიანის" ეფექტური საქმიანობა, რასაც მოწმობს კიდეც ორგანიზაციის მიერ მომზადებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნები. არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ გაწყდეს დაწყებული თანამშრომლობა. 

ამ სივრცის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები.  აქედან გამომდინარე, კაფე "მზიურის" ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ მხარდაჭერას - შევუნარჩუნოთ კაფე "მზიური" თბილისს და "მზიანს"! - წერია პეტიციის ტექსტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი