მერიამ GWP- ის ნებართვა მისცა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები, სახელმწიფომ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი, შედეგი სახეზეა | ლიპარტელიანი

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ GWP- ის ნებართვა მისცა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები, შედეგად თბილისისა და მცხეთის მოსახლეობა, წყლის ავარიული გამორთვის დროს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„2008 წლის 14 მაისს შპს “ ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა” შეისყიდა შპს რუსთავწყალკანალის; შპს საქწყალკანალის შპს მცხეთაწყალკანალის და შპს თბილისის წყლის 100% -იანი წილი. ნასყიდობის სანაცვლოდ შპს ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა ხელშეკრულებით აიღო 220 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიციის ჩადების ვალდებულება. კერძოდ, თბილისის (მათ შორის შემოერთებულ სოფლებში) და მცხეთის უწყვეტად 24 საათის განმავლობაში წყლით მომარაგების; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კანალიზაციის მტკვარში ჩადინების აღმოფხვრის, გარდაბნის საკანალიზაციო სისტემის განახლების და მოდერნიზაციის და ა. შ.

2019 წლის 15 აპრილს შედგა ოთხმხრივი შეთანხმება,  "ჯორჯიან გლობალ  იუთილითიზს"ვალდებულებები ჩაეთვალა შესრულებულად ისე, რომ რიგი ვალდებულებებისა შესრულებული ახლაც არ არის. 

2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულება შეწყდა და ხელშეკრულების შეწყვეტას ხელს აწერს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს დირექტორი გიორგი დუგლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზის" მხრიდან, რომლის ერთადერთი აქციონერი არის საქართველოს კაპიტალი, დირექტორთა საბჭოს, (დირექტორები ირაკლი გილაური, ეკატერინა შავგულიძე, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, გიორგი ვახტანგიშვილი) გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი დირექტორი ავთანდილ ნამიჩეიშვილი.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოხდა GWP-ის ქონების გასხვისება:

1. ბარნოვის 1 ჩიხი 10 (სატუმბი სადგური, რეზერვუარი) -2229 კვ მეტრი, გაიყიდა 2019 წელს და მშენებლობის ნებართვაა გაცემული;
2. ლოტკინზე (რეზერვუარი)-15856 კვ მეტრი გაიყიდა 2020 წელს;
3. წყნეთი ახალდაბას ქუჩა ( რეზერვუარი)-1770 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;
4. წყნეთის გზაზე ეკლესიასთან( რეზერვუარი)-3185 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;
5. კრწანისის ქუჩის ბოლოს (რეზერვუარი)-4108 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;
6. ოქროყანა სამთავრობო აგარაკების მიმდებარედ-448 კვ მეტრი, გაიყიდა 2020 წელს;
7. ტაშკენტის ქუჩის ბოლოში-3683 კვ მეტრი, გაიყიდა 2020 წელს და ა.შ.

ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი, შედეგი სახეზეა: თბილისს და მცხეთას ორი დღეა წყალი არ მიეწოდება, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა.“-განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, მესამე დღეა დედაქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა რაიონებს წყალი გრაფიკით ექნებათ. ნაწილს კი, სასმელ წყალს რეზერვუარებით მიაწვდიან. დედაქალაქის გარდა, მესამე დღეა წყალი არ აქვს  მცხეთას  და სოფელ წიწამურს. 

თბილისის მერია კი აცხადებს, რომ დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები, არსებული გეგმით, არაუგვიანეს 1 კვირაში დასრულდება.

მოსახლეობისთვის მოქმედებს გრაფიკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი