2023 წელს 24 ქალი მოკლეს, მათგან 16 ოჯახის წევრმა; მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან 20 ოჯახის წევრმა ჩაიდინა | ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით გადადგმული არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის მიუხედავად, აღნიშნული საკითხი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და კვლავ დგას საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ცვლილებების აუცილებლობა - ნათქვამია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 16 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან 20 ოჯახის წევრმა ჩაიდინა.

"წინა წლების მსგავსად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულყოფილად არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  2023 წელს სამუშაო ჯგუფმა წინა წლების მსგავსად, შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 137-139-ე მუხლებში ცვლილებების შესატანად, თუმცა სახელმწიფოს კანონპროექტის დასამტკიცებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასევე, კანონი კვლავ არ ითვალისწინებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაზარალებულის დაკითხვის დისტანციურად ჩატარების ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანის შესაძლებლობას. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შესულა შესაბამისი ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში. ასევე, კომპენსაციის მიმღები პირების რაოდენობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საზოგადოების მეტად ინფორმირება ამგვარი შესაძლებლობის შესახებ. 

კვლავ არ დამტკიცებულა სოციალური მუშაკებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისთვის სპეციალური სახელმძღვანელო წესები. წლების შემდეგ, დაგვიანებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დოკუმენტი, რომელიც ზოგადად ეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ადრეული გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში უწყებების უფლებამოსილებებს და მათი კოორდინაციის საკითხს. აღნიშნული დოკუმენტი არ ითვალისწინებს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციისთვის სახელმწიფო უწყებების მიერ გადასადგმელ კოორდინირებულ ნაბიჯებს.

დადებითად უნდა შეფასდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების გაზრდის მიზნით რისკის შეფასების დოკუმენტის გადახედვა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მორგება, რის შედეგადაც გაზრდილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე GPS მონიტორინგის გამოყენების მაჩვენებელი.

თუმცა საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა არასათანადო საფუძვლით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ზოგიერთ საქმეში რისკის შეფასებაზე უარის თქმა.

პრობლემად გამოიკვეთა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რიგი საქმეების არასათანადო/არასრულყოფილი გამოძიებაც, რის გამოც, საქმის საპროცესო ზედამხედველ პროკურორს უწევდა მითითებების გაცემა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამებში მოძალადეთა ჩართულობის გასაზრდელად. ასევე, არ შემუშავებულა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამა იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია გამოცემული.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 16 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან 20 ოჯახის წევრმა ჩაიდინა." ნათქვამია ანგარიშში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი