5 წელი "გავრილოვის ღამიდან" - მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, ამბობს, რომ დღეს ბევრად მეტ ადამიანს აქვს გააზრებული, რამდენად უნდა ხელისუფლებას "რუსული მმართველობის ქვეშ მოგვაქციოს".
"მაშინ არ ჰქონდა მგონი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გააზრებული როგორ უნდა ამ ხელისუფლებას, რომ რუსული მმართველობის ქვეშ მოგვაქციოს. რა თქმა უნდა, ეს ერთი მოქმედებით შეუძლებელიც კი იქნებოდა ყველას ეგ გაეაზრებინა, იმიტომ რომ მაინც რაღაცეებს ეჭიდებოდა ხალხი, მათ სიკეთეებს გაკეთებულს და ასე შემდეგ. თუმცა ნუ ხომ, 5 წლის შემდეგ ვხედავთ რამდენ ადამიანს აქვს ეს გააზრებული და რამდენმა ადამიანმა იცის ზუსტად ხელისუფლების ნამდვილი სახე", - ამბობს მაკო გომური.
დღეს, 19:00 საათზე თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართება. მოქალაქეები დედაქალაქში პარლამენტის წინ შეიკრიბებიან, ბათუმში - ევროპის მოედანზე. ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ახსოვთ "გავრილოვის ღამე".
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს "ოცნების" ხელისუფლებამ ანტირუსული აქციის მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა რამდენიმე მოქალაქემ, სხეულის დაზიანებები მიიღო 240-მდე ადამიანმა. დაშავებულთა შორის იყო რამდენიმე ათეული ჟურნალისტი.