თბილისის მერიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ.
2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში, თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდული იქნება თავისუფლების მოედანზე გადაადგილება, როგორც კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებიდან, ისე რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.
უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.
თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები თავისუფლების მოედანზე დახვდებიან. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.