ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს, დაიწყება

გამოქვეყნდა:

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს დაიწყება - გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი პროცესი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.

2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

დეტალურად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ - https://naec.ge/#/ge/post/3181

პარალელურად, თბილისის მერიის ცნობით, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ.

მერიის ცნობით:

  • N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია);
  • N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან;
  • N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი);
  • N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);
  • რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, გამოიყენებენ უკვე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი