დღევანდელი დღე უკიდურესად დაამძიმა ბოლნისში მომხდარმა ტრაგედიამ. სამხედრო სწავლებისას კატასტროფა განიცადა საჰაერო ძალების მოიერიშე სუ-25-მა. თვითმფრინავი ჰაერში ისე აფეთქდა, რომ მფრინავმა კატაპულტირება ვერ მოასწრო. დაღუპულია საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, ყველა დეტალი რამდენიმე კვირაში მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალისტები შავი ყუთის გაშიფრვას დაასრულებენ. ამ ეტაპზე კი ჩიქოვანის უწყება არ საუბრობს, ჰქონდა თუ არა მოიერიშე თვითმფრინავს გავლილი შემოწმება და ფრენის განხორციელების ნებართვა.