სახალხო ზეიმი თბილისში | მადლობა ბიჭებს !

გამოქვეყნდა:

მადლობა ბიჭებს-   სახალხო ზეიმი ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო. თავისუფლების მოედანზე ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნებული ფეხბურთელებისთვის მადლობის გადასახდელად  ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ავტობუსს, რომელიც ლოკომოტივის ბაზიდან დაიძრა, თავისუფლების მოედნამდე ქომაგები ფეხით გაყვნენ, უკვე ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელები გულშემატკივარს ავტობუსიდან ესალმებოდნენ, ურიგებდნენ ავტოგრაფებს, მღეროდნენ, ხუმრობდნენ.

მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდა, სადაც სპეციალურად მომზადებულ სცენასთან ფეხბურთელებს გულშემატკივარი ელოდა. თანაგუნდელები შეკრებილ ქომაგებს ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა წარუდგინა.

სცენაზე ავიდა პრემიერ მინისტრიც, რასაც შეკრებილი ქომაგების ხმამაღალი  უკმაყოფილება მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ, რომელსაც საუბარი ფეხბურთის ქომაგების უკმაყოფილო შეძახილების ფონზე უწევდა სიტყვა მალევე გადასცა ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

შეკრებილი ქომაგების ემოცია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ღირსეულ თამაშს ზეიმობდა მაშინვე შეიცვალა, როცა სცენაზე სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა. სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა გულშემატკივრებს პირადადაც მიულოცა.

გუშინდელი ემოცია განსაკუთრებული იყო გულშემატკივრისთვის, რომელიც ნაკრების სამშობლოში დაბრუნებას ჯერ კიდევ წინა ღამით აეროპორტში ელოდა. და განსაკუთრებული იყო ფეხბურთელებისთვისაც, რომელთათვისაც ასე აქამდე არასდროს არავის უქომაგია.

ზეიმი რესტორან "თეატრში" გაგრძელდა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე დაესწრნენ.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები - როგორ ერთობიან ევროპიდან ღირსეულად დაბრუნებული ფეხბურთელები. ზეიმს არ ჩაუვლია ბუდუ ზივზივაძის ყველაზე დასამახსოვრებელი და სახასიათო ცეკვის გარეშე.

ეროვნული ნაკრების წევრების ნაწილი ქვეყნიდან უკვე გაემგზავრა, ზოგი დარჩა და პატარა ქომაგებს ფოტოების გადასაღებად დღესაც ელის. წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია. ევროპის ჩემპიონატიდან დარჩა დასამახსოვრებელი მატჩები, რომელზეც მსოფლიო სპორტული მედია დღესაც წერს. გუშინ კი ქართველმა გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ ერთხმად უთხრა მადლობა ბიჭებს რომლებმაც ისტორია დაწერეს.

[ფოტო: Ezz Gaber]

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი