გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ვიზიტორებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა.
ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მამა კირიონმა ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მამა კირიონის თქმით, მიმდინარეობს დროებით გადახურვის სამუშაოები. მისივე ინფორმაციით, გერმანული კომპანიის მიერ სპეციალურად შეიქმნა მასალები და სამუშაოებსაც გერმანელი სპეციალისტი განახორციელებენ, რომლებიც ტაძარში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
გადახურვის პარალელურად, დაიწყება შიდა სამუშაოები. უცხოელები და ქართველი სპეციალისტები მოზაიკის და მხატვრობის მომდევნო სარეაბილიტაციო ეტაპს დაიწყებენ. მამაომ ასევე ისაუბრა, ტაძარში ვიზიტორებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე. მისი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების გამო დაწესდა, რომ მძიმე ტექნიკა უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
"მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოების ეტაპი. ეს მასალები, რომლებსაც ჩვენ ვუყურებთ, არის გერმანიის კომპანიის მასალები, რომლებიც უშუალოდ გელათის ტაძრისთვის შეიქმნა და ტაძრის კონსტრუქციაზეა მორგებული. ამ მასალებით მოხდება გელათის ტაძრის ერთიანად გადახურვა. ამ პროცესში ჩართულია გერმანელი სპეციალისტები. სამუშაოები გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში. მთელი ტაძარი იქნება შეფუთული თეთრი სპეციალური მაღალტექნოლოგიური მატერიით. ამჟამად ხორციელდება პირველეტაპიანი სამუშაოები, რომელიც ნიშნავს, რომ შენდება კონსტრუქცია, სადაც დაიფარება მთლიანი ტაძარი გუმბათის გარდა. ორ კვირაში კი განახლდება უშუალოდ გუმბათის გადახურვის სამუშაოები." - თქვა მამა კირიონმა.
გელათის სამონასტრო კომპლექსი 15 აგვისტომდე დაიკეტა.