ალავერდის ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც რესტავრაცია დაიწყება | მთავრობა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო.

მათივე ცნობით, სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია კობახიძეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მიაწოდეს.

როგორც მთავრობა წერს, ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.

"სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა. ძლიერი ქარის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა." ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ალავერდის მონასტერი 25 ივნისს, ძლიერი ქარიშხლის შედეგად დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი