
უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა გუშინ საღამოს თბილისში. პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე რუსეთის ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც პუტინის რეჟიმის ქმედებებს აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და სხვა ქალაქებზე, ბოლო ცნობებით, დაიღუპა 36 ადამიანი, დაშავდა 140.
"მე ვარ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმიდან, უკვე მეორე წელია ვცხოვრობ თბილისში, ძალიან რთულია იმის ყურება, რაც იქ ხდება. მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. ბევრი ქართველი მეკითხება ომი დამთავრდა თუ არა, თქვენი ომი არ დამთავრებულა, არც ჩვენი და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება ინფორმაციულ ომში. მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები ქართველების გვერდით ვიდექით, მათ შორის მიტინგების დროსაც, ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ დახმარებას და თანადგომას ომის პირველივე დღეებიდან, თქვენ მასობრივად გამოდიოდით და მხარს უჭერდით უკრაინელ ხალხს, ჩემ სამშობლოში ბევრი ქართველი იბრძვის, რომელსაც პირადად ვიცნობ, მადლობა ქართველ ხალხს და ყველა სხვა მხარდამჭერ ქვეყანას, ჩემ ხალხს კი ვუსურვებ ძალას და გამძლეობას", - თქვა აქციის მონაწილე, ქსენია ტულენცოვამ.