
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, დღეს, 2024 წლის 11 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "შპს ბექანასი საქართველოს წინააღმდეგ". ორგანიზაციამ კომპანიი სახელით სასამართლოს 2019 წელს მიმართა და მიუთითა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) და მეექვსე მუხლის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) დარღვევის ფაქტებზე.
"ბექსანი" ფლობდა სახელმწიფოს მიერ გაცემულ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას, 2018 წელს ის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა დააჯარიმა ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ 1მ3 ინერტული მასალის მოპოვებისათვის.
1მ3 ქვიშა-ხრეშის ღირებულება 20 თეთრს, ხოლო გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობა 1 ლარს შეადგენდა. "ასეთი მცირე მნიშვნელობის ზიანის მიუხედავად, საქართველოს საერთო სასამართლოებმა შპს "ბექანასი" ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და სახდელის სახით დააკისრეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 201 ლარის ოდენობით და ჩამოართვეს 54 650 აშშ დოლარის ღირებულების ტრაქტორი, როგორც სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი".
კომპანიამ ვეღარ შეძლო მუშაობა, წარმოება გაჩერდა, რამაც საბოლოოდ შპს-ს გაკოტრება და ვალდებულებებით დატვირთვა გამოიწვია.
"მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ძალაში დატოვა.
საიამ 2019 წლის 16 დეკემბერს შპს "ბექანასის" სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ჩამორთმევას უპირობოდ და იმპერატიულად ითვალისწინებდა.
2020 წლის 12 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული მუხლი სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აძლევდა შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად განესაზღვრა სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევის აუცილებლობა და მოეხდინა ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაცია.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობისა და თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) მიმართებით. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ ქმნიდა შპს "ბექანასისათვის" იმ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვით მიადგა მას.
შპს "ბექანასისათვის" 54 650 აშშ დოლარის ღირებულების ტრაქტორის ჩამორთმევის გამო, რომელიც ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის ერთადერთ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა, საქმიანობის განხორციელება შეუძლებელი გახდა. შპს ,,ბექანასმა” ვეღარ შეძლო ლიცენზირებული რაოდენობის ქვიშა-ხრეშის ათვისება და წარმოება გაჩერდა, რამაც საბოლოოდ შპს-ს გაკოტრება და ვალდებულებებით დატვირთვა გამოიწვია", - წერს საია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევა დაადგინა.
სასამართლომ სახელმწიფოს კომპანიისთვის ჩამორთმეული ტრაქტორის კონფისკაციამდე პერიოდში არსებული მდგომარეობით დაბრუნება დააკისრა, ხოლო ხსენებულის განუხორციელებლობის შემთხვევაში შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება განსაზღვრა.