ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - მაშინაც კი, როცა ერთ რიგით მოქალაქეს მთელი სახელმწიფო სისტემა და უზარმაზარი სამთავრობო მხარდაჭერის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტი უპირისპირდება.
ერთადერთი მასშტაბური სამშენებლო პროექტი, რომელსაც მთავრობა განსაკუთრებული სიჩქარითა და მონდომებით აშენებს, ეს რუსეთთან დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალია, ქვეშეთი- კობის გვირაბი , რომელიც რუსეთს კავკასიაზე სატრანსპორტო დერეფანს გაუხსნის.
ამ გეოპოლიტიკურად სახიფათო პროექტისთვის კი საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი მიწების გამოყენება.
ამ მიწების ათვისებას სახელმწიფო კერძო საკუთრების უფლების უხეში ხელყოფით ახდენდა და მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ მათ არ ეკუთვნოდათ მიწა რომელსაც ამუშავებდნენ ამ ადამიანების მამები და პაპები და ხშირად კიდევ უფრო შორეული წინაპრები. ერთმა მათგანმა გადაწყვიტა რომ საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა.
ზურა ბურდულის ოჯახის პრობლემა 2021 წელს ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. დღეს მიწის ნაკვეთის ნაწილი ჩამოშლილია და ტერიტორია სრულიად გამოუსადეგარია. ქვემო მლეთაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის მხოლოდ ეს ტერიტორია ჰქონდა. 5 512 კვადრატული მეტრი ოჯახს სრულიად ათვისებული ჰქონდათ. დღის უმეტეს ნაწილს აქ მიწის მოვლა პატრონობას ანდომებდნენ.
4 წელი დასჭირდა ზურა ბურდულს საკუთარი მიწა -წყალზე საკუთრების უფლების და სიმართლის დასამტკიცებლად. 4 წელი გზების მშენებლისგან და სახელმწიფოსგან მხოლოდ დაპირებებს იღებდა.
მოლაპარაკებების დროს ბურდულების ოჯახს, შემოსავლის ერთადერთი წყაროს - განადგურებული შინამეურნეობის სანაცვლოდ, მიზერულ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკვეთის ჩამორთმევით ემუქრებოდნენ. გამოსავალი არ ჩანდა, თუმცა ზურა ბურდული სხვა ათობით დაზარალებულისგან განსხვავებით ბედს არ შეურიგდა, არც სახელმწიფო მანქანასთან დაპირისპირებას შეუშინდა და საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლის გზა აირჩია. დასახმარებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიმართა.
რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციები ზურა ბურდული საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ვერც სასამართლოს მიმართავდა და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებდა.
ბურდულების ოჯახის სახლ-კარი ადგილმდებარეობის გამო ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის შედეგად განადგურებას გადაურჩა... ხადის ხეობის სოფლებში დაზარალებული ბევრია , თუმცა ბევრ მათგანს არც კომპენსაცია მიუღია და ბედს შეგუებულებს სასამართლოსთვისაც არ მიუმართავს.
ვაჟა ბედოიძის სახლი ერთ-ერთია , რომელიც გზის მშენებლობის შედეგად დაზიანდა. რამდენიმე წლის წინ მშენებლებმა დაგროვილი წყლის მასა სწორედ მათი სოფლის მიმართულებით გამოუშვეს. დანგრევისგან რომ გადაერჩინა მაშინვე საკუთარი ხელებით დაიწყო სახლის გამაგრება. თუმცა როდემდე შეინარჩუნებს სახლ-კარს არავინ იცის. სახლში 5 ოჯახი, 20 ადამიანი ცხოვრობს.
სოფელ ბენიანის მკვიდრი, ვაჟა ბედოიძე მის თანასოფლელებთან ერთად უკვე 2 წელია დახმარების მოლოდინშია. თუმცა წლებთან ერთად მათთვის არაფერი იცვლება. ზოგმა უკვე დატოვა მამაპაპისეული მიწა, ზოგი კი კვლავ იმ სახლებში განაგრძობს ცხოვრება , რომელიც მათი სიცოცხლისთვის საშიშია. როგორც თავად გვიყვებიან იყო დაშინებაც სახელმწიფოს მხრიდან , დაზარალებულების უმრავლესობა საჯაროდ საუბარზე სწორედ მათ გამო იკავებს თავს.