სად იკარგებიან ადამიანები? | უმძიმესი სტატისტიკა და ოჯახები, რომლებიც ახლობლებს წლებია ეძებენ

გამოქვეყნდა:

გასულ წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა. მოძებნილია 89 პირი, მათ შორის, 16 გარდაცვლილია ნაპოვნი, 60 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ადამიანები გაურკვეველი მიზეზებით იკარგებიან. 

მონაცემები ასე გამოიყურება - 2023 წელს ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში დაიკარგა, მათგან 35 ნაპოვნია. 
გასულ წელს საქართველოში 17 არასრულწლოვანს ეძებდნენ, იპოვეს - 11, 6-ს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. 

გასულ წლებში დაკარგული ადამიანების ნაწილს საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე ეძებენ, ნაწილთან დაკავშირებით კი სამძებრო ღონისძიებები შეჩერებულია. 

 ოჯახის მტკიცებით, სამძებრო ღონისძიებები შეჩერებულია 2017 წლის 4 ივლისს ბათუმში დაკარგულ კობა ბაკურიძეზე. მას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიენიჭა, ოჯახი კი სამძებრო ღონისძიებების გაგრძელებას ითხოვს. დაკარგული მამაკაცის ძმა გვიყვება, რომ ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. გამოძიება მაშინ ამტკიცებდა, რომ კობა ბაკურიძე ზღვაში შევიდა და დაიღუპა, 7 წლის განმავლობაში ცხედარი ვერ იპოვეს.  შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ფეხსაცმელზე კი მაშინ ამტკიცებდნენ, რომ დაკარგულს ეკუთვნოდა, არა და თამაზ ბაკურიძე ამტკიცებს, რომ ის მისი ძმის არ იყო და თვლის, რომ საქმე ბუნდოვანია.

უკვე 23 წელია მშობლები მერაბ ლომაძეს უშედეგოდ ეძებენ. 21 წლის ბიჭი 2001 წელს დაიკარგა. დედა იხსენებს, რომ იმ დღეს ფერისცვალება იყო, მისი შვილი კი მეგობართან ერთად ჯუმათის მონასტერში წავიდა. მას მერე ახალგაზრდა კაცი აღარავის უნახავს.

2019 წელს 67 წლის თამაზ აივაზოვი გაუჩინარდა. ძმისშვილის მონაყოლით ორთაჭალის ერთ-ერთ კლინიკაში ბიძას ოპერაცია გაუკეთეს. 2 დღეში კი ექიმმა მას დაურეკა და უთხრა რომ თამაზ აივაზოვი საავადმყოფოდან გაიქცა. მას ამ დრომდე ეძებენ.   

13 წლის ილია ფილფანის დაკარგვიდან 4 წელი გავიდა. ის 2020 წლის 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან მალევე ოჯახმა ძებნა შემთხვევის ადგილიდან, სვანეთის სოფელ ლენჯერიდან დაიწყო, რამდენიმე თვეში კი მცირეწლოვანს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ. გატყუება, გატაცება, მდინარეში ჩავარდნა - ოჯახი ყველა ვერსიას კვლავ განიხილავს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მიუხედავად უამრავი ვერსიისა გამოძიებას ოფიციალური არაფერი აქვს. 

ამ წლის 25 აპრილის შემდეგ ეძებენ თორნიკე დალაქიშვილს. ის წალკაში მუშაობდა, ახალგაზრდა მამაკაცი ფარავნის ტბასთან ტყეში რამდენიმე წუთით შევიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ტყეში თორნიკეს პირადი ნივთები იპოვეს. საგამოძიებო უწყებებმა შეისწავლეს ტერიტორია, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ კინოლოგებიც. ძაღლებმა კვალი აიღეს და ის მიმდებარე სოფელში ავტობუსის გაჩერებასთან გაქრა. 

საქართველოში იკარგებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. გასულ წელს 14 უცხოელი დაიკარგა. პოლიციამ მხოლოდ 8 მათგანი იპოვა უვნებელი , ნაპოვნია 1 გარდაცვლილიც. 5 მათგანს ამ დრომდე ეძებენ. 

ქვეყანაში დაკარგული ადამიანების მონაცემების შეგროვება 1973 წლიდან იწყება. სწორედ, ამ წლის 1 იანვრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით სულ 6571 ადამიანი დაიკარგა. ამავე პერიოდში მათგან მოიძებნა 5549, მოსაძებნი კი 1022 ადამიანი დარჩა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი