კავკასიონის მყინვარები დნება | კადრები მყინვარწვერიდან და მეცნიერების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

გლობალური დათბობის ერთ-ერთი მძიმე შედეგი.  კავკასიონის მყინვარებმა მასობრივად დაიწყო დნობა. მკვლევრების შეფასებით განსაკუთრებით საგანგაშოა პროცესები, რომელიც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ვითარდება. მეცნიერები  კავკასიონზე დეტალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანნი მონიტორინგის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადგან დღეს არსებული რთული ვითარების ფონზე სპეციალისტების პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა.

ცნობილი ქართველი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე ათეული წლებია მყინვარწვერს ლაშქრავს და კარგად ამჩნევს, რომ ყინული ყოველ წელს სულ უფრო და უფრო იხევს უკან.  თითქმის 5000 მეტრის სიმაღლიდან  სპეციალურად "მთავარი არხისთვის" კადრები სწორედ გამოცდილმა ალპინისტმა გადაიღო. 

მყინვარწვერზე არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებების გამო კავკასიონის მყინვარები მასობრივად დნება. თითქმის ანალოგიური ვითარება ყველა მწვერვალზე, ტენდენცია შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია, თუმცა მეცნიერებმა შეისწავლეს რა მასშტაბის ყინული გაქრა ჩვენი მთებიდან.

კავკასიონზე მყინვარების მდგომარეობას წლებია მეცნიერი ლევან ტიელიძე აკვირდება.  ირკვევა, რომ ბოლო საუკუნის განმავლობაში მყინვარების მთლიანი ფართობი დაახლოებით 46 პროცენტით შემცირდა. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2000 წლიდან -2020 წლამდე მყინვარების შემცირება 4-ჯერ მეტია, ვიდრე ეს 1911-1960 წლებში იყო , მასშტაბური კლება  კი 2014-2020 წლებში დაფიქსირდა. მკვლევრების შეფასებით, კლების ეს მაჩვენებელი გეოლოგიურად ასეთ მოკლე დროში სახიფათოა, პროგნოზი კი საგანგაშო - რადგან უახლოეს ათწლეულებში დნობის პროცესის დაჩქარება კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი.

რა საფრთხის წინაშე გვაყენებს კავკასიონზე მყინვარების მასობრივი დნობა? 

მყინვარების გაქრობა მდინარეებში მყინვარული ჩამონადენის კლებაზე პირდაპირ აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირდება ან სრულად გაქრება მტკნარი წყლები და მყინვარული ჩამონადენი. დამატებით საფრთხეს კი ისიც ქმნის, რომ მყინვარების დნობისა და  მყინვარული ნაშალი მასალის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება მყინვარული ტბები, რომლების ხშირ შემთხვევაში სტიქიური უბედურებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. მეცნიერები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ კავკასიონის მყინვარებზე მონიტორინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ადრეული გაფრთხილების სისტემების არარსებობას შეეწირა შოვში 32 ადამიანის სიცოცხლე. ტრაგედიიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ ადრეული გაფრთხილების სისტემა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის გამართული. მკვლევრები ამბობენ, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ კიდევ არსებობს დამატებითი საფრთხე რომ მყინვარები მოწყდეს,რადგან იქ მასობრივი დნობაა დაწყებული, სისტემის გასამართად დიდი თანხაც გამოიყო, მაგრამ ამ ეტაპზე სამუშაოები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.  ასეთივე სახიფათო ზონები კი თითქმის მთელს კავკასიონზეა, მართალია სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ პროცესი ხანგრძლივია, გვაქვს თუ არა დრო კი არავინ იცის. 

კავკასიონზე სულ 2020 მყინვარია, მათგან 735 საქართველოს ტერიტორიაზე. მყინვარები მასობრივად სწორედ გლობალური დათბობისა და ადამიანის ბუნებაში უხეში ჩარევით ქრება. დედამიწაზე ტემპერატურამ 1880- იანი წლებიდან დღემდე 0.8 პროცენტით მოიმატა. ანტრაქტიდა ყოველწლიურად 250 მოლიონ ტონა ყინულს კარგავს. მეცნიერების პროგნოზით, თუკი ტენდენცია ასე გაგრძელდა, საქართველოში 2100 წლისთვის ტემპერატურა 4.2 გრადუსით მოიმატებს. 21-ე საუკუნის ბოლომდე კი დედამიწაზე ტემპერატურა შესაძლოა საშუალოდ სამი გრადუსით გაიზარდოს. 

თუკი ეს ასე მოხდება, უხეში გათვლებით მსოფლიო ოკეანის დონე ერთი მეტრით მოიმატებს და პრობლემას შეუქმნის ისეთ ქალაქებს, როგორიცაა, ნიუ ორკი, რიო დეჟანეირო, სან ფრაცკისკო, სიდნეი.  ჩვენს შემთხვევაში კი გახშირდება სტიქიური უბედურებები , რომელიც მყინვარების მასობრივი დნობითაა გამოწვეული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი