ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები მთაწმინდის ფერდზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე კომპანია "მეტროპოლმა" სამი 4 სართულიანი შენობა უნდა ააშენოს. კომპანიის წარმომადგენლები დღეს ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ მშენებლობა საფრთხის შემცველი არ არის.
კომპანიას რამდენიმე მფლობელი ჰყავს. მათ შორისაა ქართული ოცნების დეპუტატის ისკო დასენის შვილი. კნიაზ დასენი კომპანიის 15%-ის მფლობელია. ადგილობრივები ასახელებენ არაერთ საშიშროებას, რაც შესაძლოა აქ კორპუსების ჩადგმას მოჰყვეს - მთავარი საფრთხე მეწყერია. ხალხი შიშობს, რომ სწორედ ამ ფერდზე შესაძლოა მიწა დაიძრას და მიმდებარედ უკვე აშენებული სახლებიც შეიწიროს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვერაზე, ქალაქის ეს ნაწილი ჰაერით სწორედ ამ ფერდობიდან მარაგდება. კორპუსების აშენების შემთხვევაში კი, ეს ნაწილი აღარ განიავდება.
ერთ -ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ ბელინსკის ქუჩაზე ასასვლელი სამანქანო გზა ვიწრო და ციცაბოა. აქ გადაადგილებას მსუბუქი ავტომობილებიც კი რთულად ახერხებენ და უცნობია, როგორ გაივლიან სამშენებლო და სატვირთო მანქანები.
პრობლემატურია პარკირების საკითხიც, რადგან ახალ კორპუსებში შესახლებულებისთვის სამანქანო ადგილები უბრალოდ არ იარსებებს.
ირკვევა, რომ მერიამ აქ მშენებლობის ნებართვაზე კომპანიას უარი უთხრა. თუმცა, მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიები კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა, აპირებს დაანგრიოს და მათ ნაცვლად სხვა, უფრო მასშტაბური შენობები დადგას. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სატყეო ზონაა. ასეთ ზონებზე, როგორც წესი, არათუ მშენებლობის, არამედ დროებითი კონსტრუქციის განთავსების ნებართვასაც კი არ გასცემენ. გეოლოგები განმარტავენ, რომ მთაწმინდის ამ ფერდზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას დიდი ალბათობით სავალალო შედეგები მოჰყვება.
როგორ აპირებს კომპანია ააშენოს იქ , სადაც მშენებლობა დაუშვებელია, უცნობია. "მეტროპოლის" წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ დამატებითი ტერიტორიების შესყიდვას კერძო მესაკუთრეებისგან ცდილობენ. ამტკიცებენ, რომ მშენებლობა საფრთხეს არ შეიცავს და რომ ნებართვის მიღებას მმართველ გუნდში ნაცნობობით არ აპირებენ.